რუსეთი სანქცირებულთა სიაში შეყვანილი ახალი ხუთი ქვეყნის პროდუქციას გაანადგურებს

რუსეთი სანქცირებულთა სიაში შეყვანილი ახალი ხუთი ქვეყნის პროდუქციას გაანადგურებს, ისევე როგორც იმ ქვეყნებიდან შეტანილი პროდუქცია განადგურდა, რომელთა წინააღმდეგაც შეზღუდვები მანამდე ამოქმედდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

ქვეყნის მთავრობამ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოაქვეყნა. გუშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სანქცირებულთა სიას ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტეინიც დაემატა. ასევე მათ შორისაა უკრაინაც, თუმცა, გარკვეული პირობით. კერძოდ, კიევის წინააღმდეგ შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ იგი ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს აამოქმედებს.

რუსეთი სანქციებს დასავლეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ აწესებს. ივლისის ბოლოს მონტენეგრო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ალბანეთი და უკრაინა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. მათ შორის იყო საქართველოც. თუმცა, რუსეთის ახალი სანქციები საქართველოს არ შეხებია.