გლობალურმა დათბობამ, შესაძლოა, პროდუქტები გააძვიროს

მსოფლიოში მარცვლეულზე ფასების მატებაა მოსალოდნელი

გლობალური დათბობა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ასეთია ამერიკელი და ბრიტანელი ანალიტიკოსების შეფასება. მათი თქმით, კლიმატური ცვლილებების შედეგად ძირითადად პროდუქციის გაძვირება აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებშია მოსალოდნელი. მსგავსი შემთხვევები წინა წლებშიც არაერთხელ დაფიქსირდა. მაგალითად, 2008 წელს მოსავლის მასობრივმა განადგურებამ მარცვლეულზე ფასების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია. 2010-2011 წლებში კი ძლიერი სიცხის გამო მარცვლეულის ნათესები რუსეთში მასიურად განადგურდა, რაც ფასებზეც აისახა.

მკვლევარების მოსაზრებით, ხორბალზე, ბრინჯზე, სიმინდსა და სოიოზე ფასების მატება 2040 წლისათვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. 2070 წლის შემდეგ კი მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები, ვინაიდან გლობალური დათბობის გამო, მსოფლიოში წარმოების რაოდენობა 10 პროცენტით დაიკლებს. "რთულია უკიდურესი პროგნოზების გაკეთება, თუმცა, რასაც ჩვენ ვხედავთ, ნათელია, რომ მსგავსი შემთხვევები დღეს უფრო იშვიათია და მომავალში უფრო ხშირი გახდება", - აცხადებს ანალიტიკოსი კირსტი ლიუისი.

ამასთან გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდის გამო 2050 წლისათვის შესაძლოა, სურსათზე მოთხოვნა 60 პროცენტით გაიზარდოს, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს საკვების წარმოებასა და მის ფასებზე.