რუსეთის ეკონომიკური დაღმასვლა გრძელდება - რუბლი გაუფასურებას განაგრძობს

რუსული რუბლი გაუფასურებას განაგრძობს. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ერთი ევროს ღირებულებამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია და 72,365 რუბლი შეადგინა. ერთი დოლარის ფასი კი წინა დღის მონაცემებთან შედარებით 93,75 კაპიკით გაიზარდა და 64,9363 რუბლი გახდა.

რუსული ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთი მხრივ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების დაცემას უკავშირდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიხდვით, 2015 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში ნავთობის წარმოებამ დღის განმავლობაში საშუალოდ 96,39 მილიონ ბარელს მიაღწია, როდესაც დღიური მოთხოვნა მხოლოდ 93,13 მილიონს შეადგენდა. აღნიშნულმა ტენდენციამ სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. ამას თან დაერთო დასავლეთის სანქციებიც.

თითქმის ერთწლიანი ეკონომიკური დაღმასვლა უკვე აისახა რუსეთის მოსახლეობაზე. წელს 2014 წელთან შედარებით საზღვარგარეთ 20 პროცენტით ნაკლები მოქალაქე გაემგზავრა დასასვენებლად. ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრის მრჩეველმა ტურიზმის საკითხებში, ნიკოლაი ნოვიჩკოვმა განაცხადა.  მისივე თქმით, საზღვარგარეთ დასასვენებლად წამსვლელთა რიცხვის მატება მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს ტენდენცია შიდა ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.