თბილისმა საერთაშორისო კონფერენცია Future Georgia-ს გახსნას უმასპინძლა

თბილისმა საერთაშორისო კონფერენცია Future Georgia-ს გახსნას უმასპინძლა. როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ აღნიშნა, მსგავსი კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი სპეციალისტებისთვის.  "ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ტარდება ღონისძიება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ჩვენი სპეციალისტები მიიღებენ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ უახლოეს ინფორმაციას. ჩვენი მთავარი მიზანია, მოხდეს ხელშეწყობა ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების განვითარების მხრივ ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი კონკურენტული ცოდნა მისცეს ჩვენს სპეციალისტებს, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ თავისი ბიზნესის განვითარება. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობას", - აღნიშნა ირაკლი ქაშიბაძემ.

Future Georgia-ს ორგანიზატორის გიგი ჯანელიძის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  "ჩვენი მიზანია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიყვანოთ მომხსენებლები, ჩვენს კონფერენციაზე ყველას აქვს საშუალება მოვიდეს და თავისი გამოცდილება საზოგადოებას გაუზიაროს", - აღნიშნა გიგი ჯანელიძემ.

კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე 20-ზე მეტი მომხსენებელი იქნება წარმოდგენილი 5 ქვეყნიდან ( აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო). ძირითადი მიმართულებებია ციფრული მარკეტინგი და კომუნიკაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რეკლამა და მარკეტინგი. მომხსენებელთა შორის არიან COUB-ის დამფუძნებელი, Canne Lions ჯილდოს მფლობელები, საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოების წამყვანი კრეატიული ხელმძღვანელები.

საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორია "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო", გენერალური სპონსორი "ბილაინი", მხარდამჭერები: ipn.ge, palitratv.ge, VagoTravel, Borjomi, Tbilotel, ExpoGeorgia, Meduza, , Myvideo, APPARAT, Forbes, Famousme.