ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და ექსპორტის დროს ზედნადების გამოწერა დღეიდან სავალდებულო ხდება

ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და ექსპორტის დროს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა 15 აგვისტოდან სავალდებულო ხდება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს ძალაში შედის "ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების" გამოყენების სავალდებულო წესი. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №257 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.

ცვლილების შესაბამისად, ხსენებულ ინსტრუქციას №II-013 დანართის სახით დაემატა ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები". უწყების განმარტებით, ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ფორმულირებულია ახალი რედაქციით, რომლითაც ხაზგასმულია "ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების" გამოყენების სავალდებულო პირობები. ამასთან, ინსტრუქციას ემატება 252 მუხლი და რეგულირდება მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე), ხე-მცენარეზე და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების" შევსების და გამოყენების საკითხები, აგრეთვე მითითებულია შემთხვევები, რა დროსაც, არ ვრცელდება ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების" შევსების ვალდებულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №258 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომლის შესაბამისად: აღნიშნული ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას დამატებით წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს ემატება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

"ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის დეკლარირება შესაძლებელი ხდება საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების" წარდგენითაც, რომელთან ერთადაც უნდა წარედგინოს ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი; ექსპორტით გასატანი ხე-ტყის შემთხვევაში − ,,ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების" წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას, ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია დასრულდება აღნიშნული ზედნადების წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე გაშვების ნებართვის დამადასტურებელი შესაბამისი აღნიშვნის მითითებით", - აცხადებენ სსიპ შემოსავლების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ცვლილება გამოქვეყნდება "საკანონმდებლო მაცნეში". გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური აღნიშნულის შესახებ აცნობებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ხე-ტყით მოვაჭრე ბაზრობების ხელმძღვანელებს, ასევე შეტყობინებების სახით ინფორმაციას მიიღებენ გადამხდელებიც.