ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა. გასული წლის მსგავსად, წელსაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა გახდა.

რუსი ჩოგბურთელის გარდა, რეიტინგში კიდევ ექვსი ჩოგბურთელი მოხვდა. საერთო ჯამში, რეიტინგში მოხვედრილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების შემოსავალმა გასულ წელს 124 მილიონი დოლარი შეადგინა. ამერიკულმა გამოცემამ სპორტსმენების შემოსვლების რეიტინგი მათი ანაზღაურების, სარეკლამო შემოსავლებისა და პირადი ბიზნესიდან მიღებული მოგების ხარჯზე დაითვალა. შემოსავალი შეფასებულია 2014 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის პირველ ივნისამდე.

„ფორბსის“ მონაცემებით, გასულ წელს 28 წლის მარია შარაპოვას შემოსავალმა 29,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩოგბურთიდან მიღებული შემოსავლის გარდა, რუს ჩოგბურთელს საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს რეკლამებიდან. მას კონტრაქტები აქვს ისეთ ბრენდებთან, როგორებიც „ნაიკი“, „პორშე“, „ევიანი“ და სხვა ცნობილი ბრენდებია, რის ხარჯზეც საერთო ჯამში, შარაპოვამ შარშან 22,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

რეიტინგის მეორე ადგილი ამერიკელ ჩოგბურთელს სერენა უილიამსს ერგო, რომლის შემოსავალმაც შარშან 24,6 მილიონი დოლარი შეადგინა, მესამე ადგილი ერგო დანიელ ჩოგბურთელს კაროლინ ვოზნიაცკის - 14,6 მილიონი დოლარით. ხუთეულში ასევე მოხვდნენ ამერიკელი ავტომრბოლელი ქალი დანიკა პატრიკი - 13,9 მილიონი დოლარით და სერბი ჩოგბურთელი ანა ივანოვიჩი - 8,3 მილიონი დოლარით.