5 ქართული კურორტი, რომელთა განვითარება ქვეყანას დიდ მოგებას მოუტანს

საქართველოში ოფიციალურად 103 კურორტია რეგისტრირებული, რომელთაგან უმრავლესობა მსოფლიო მნიშვნელობისაა და უნიკალური თვისებები გააჩნია. გთავაზობთ კურორტების ხუთეულს, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღების შემთხვევაში, უამრავი ტურისტის მოზიდვა და შესაბამისად, ბიუჯეტის შევსებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ქართული კურორტების პერსპექტივის განსაზღვრაში პროფესორი, კურორტოლოგი მარინა მეტრეველი დაგვეხმარა:

უწერა

უწერა ზემო რაჭაში, ზღვის დონიდან 1042 მეტრზე მდებარეობს. მთიანი ზონაა, გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, უნიკალური სამკურნალო-მინერალური წყლებით, იგი მთლიანად მოქცეულია წიწვოვან-ნაძვნარ და შერეული ტყის შუაგულში. ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს ჰავა და 28 სახის მინერალური წყლები, რომლებიც კუჭის წყლულის, კოლიტის, ქოლეცისტიტისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. უწერაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც მკურნალობდნენ და სწორი ნაწლავის სამკურნალოდ სხვადასხვა პროცედურა ტარდებოდა. ამასთან, უწერაში 18 ფერის მქონე იშვიათი პეპლები დაფრინავენ, რომლის ღირებულება 500 ევროს აჭარბებს. მსგავს პეპლებს გამოფენებისთვის განსაკუთრებით ჰოლანდიელები ეძებენ. შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში უწერას სეზონზე, დაახლოებით, ათი ათასზე მეტი ტურისტის მიღება შეუძლია, რაც ბიუჯეტის დამატებით მილიონი ლარით შევსებას ნიშნავს.

ბახმარო

ბახმარო ზღვის დონიდან 1990 მეტრზე მდებარეობს. ბახმარო საქართველოს ულამაზესი კურორტია, მისი თვისებების გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელი ზაფხულშია, აქ არის ზღვის ჰავასთან შერწყმული საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა. ბახმაროში მკურნალობის ჩვენებებია: გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებები. აქ ზღვისა და მთის ჰაერის მასები ერწყმის ერთმანეთს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 1869 მმ, შეფარდებითი სინოტივე 73%-ია. ბახმარო ტურისტებისთვის როგორც ზამთარში, ისე ზაფხულშიც საკმაოდ მიმზიდველ ადგილად ითვლება. აქ ხარობს ისეთი სახეობის ფიჭვი, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსადაა გაშენებული. საქართველოს ამ ნაწილში ზღვისა და მთის ჰავა ერთმანეთს ერწყმის, რასაც თან ერთვის ფიჭვნარიც. ბახმაროს ჰაერი ოზონს შეიცავს, რომელიც ფილტვების საუკეთესო გამწმენდია. ბახმაროს სხვა სამთო კურორტებთან შედარებით მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობა აქვს. შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში სეზონზე 40 ათასი ტურისტის მასპინძლობა შეუძლია, რაც ყოველწლიურად ბიუჯეტს დაახლოებით ოთხი მილიონი ლარით შეავსებს.

საირმე

საირმე ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს. ჰავა რბილია. იცის მცირეთოვლიანი ზამთარი და ზომიერად თბილი ზაფხული. ნალექების რაოდენობა 900 მმ-ია წელიწადში. საირმეში მინერალური წყლის აბაზანებით მკურნალობენ შარდ-სასქესო დაავადებებს, ქრონიკულ ნეფრიტს, ცისტიტს, ქრონიკულ პროსტატიტს, რკინადეფიციტური ანემიას, მსუბუქ და საშუალო დონის შაქრიან დიაბეტს, პოდაგრას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებს, პანკრეატიტს... საირმეს 15 ათასი ტურისტის მიღების პოტენციალი გააჩნია, რაც ბიუჯეტს ყოველწლიურად, დაახლოებით, ორი მილიონი ლარით გაამდიდრებს.

შოვი

ბალნეოკლიმატური კურორტი შოვი 1520 მ სიმაღლეზე, მდინარე ჭანჭახის ხეობაში მდებარეობს. კურორტი გარშემორტყმულია კავკასიონის მთავარი ქედის მწვერვალებით. ახლომდებარე მთის კალთებზე შეფენილია ხელუხლებელი წიწვოვანი ხეები. ჰავა განპირობებულია კურორტის განლაგებით ზემო წელის საშუალო ალპურ ზონაში. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ზაფხულში 50-60%-ია, ზამთარში 70%-მდე. კურორტისათვის დამახასიათებელია აბსოლუტურად სუფთა და გრილი ჰაერი, აგრეთვე ჰაერის ზომიერი მთის და ხეობის ნაკადები. მინერალური წყალი გამოიყენება სამედიცინო მიზნით. კურორტზე ჩამოსვლა რეკომენდებულია სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებების, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. დღეს შოვში ინფრასტრუქტურა გაუმართავია - შოვამდე მოასფალტებული გზით ვერ მოხვდებით. გაზმომარაგების არარსებობის გამო უნიკალური ტყეები იჩეხება. შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში შოვს, დაახლოებით 20 ათასი ადამიანის მიღება შეუძლია.

აბასთუმანი

აბასთუმანი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით, მკურნალობის ჩვენებებია: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანხლებით მიმდინარე დაავადებები, ტუბერკულოზური ლიმფატები და პლევრიტები, ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები. აბასთუმანი საკმაოდ პოპულარული კურორტი გახლდათ, თუმცა დღეს აქ ინფრასტრუქტურა სრულად მოშლილია. სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღების შემთხვევაში აბასთუმანს ერთდროულად 4.000-5.000 ტურისტის, სეზონზე კი 15 ათასი სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. აბასთუმანს ყოველწლიურად ბიუჯეტის მილიონ-ნახევრით შევსების პერსპექტივა აქვს.

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"