თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, გიორგი ქადაგიძემ ნოდარ ჯავახიშვილთან და ნოდარ ხადურთან დადებული შეთანხმება დაარღვია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, არაფორმალურ ვითარებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა ნოდარ ხადურსა და ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად არაერთხელ გამართულა. როგორც მეჭიაურმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აღნიშნა, ბოლო ასეთ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რეფინანსირების სესხები შეთანხმებულად გაიცემოდა, თუმცა გიორგი ქადაგიძემ ეს პირობა მეორე დღესვე დაარღვია.

"სიმართლე გითხრათ, ჩვენთან საუბრისას გულწრფელიც კი მომეჩვენა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" მძევალია და მას სხვადასხვა კომპრომატით აშანტაჟებენ. შესაძლოა, ადეკვატური ქმედების შესაძლებლობას სწორედ მისი თანაგუნდელები არ აძლევენ. ამაზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია საუბარი, რადგან არც ერთ ნდობით აღჭურვილ სახელმწიფო ორგანოს ეროვნული ბანკის ქმედებებზე ინფორმაციული წვდომა არა აქვს, რადგან ზედამხედველობის სამსახური უშუალოდ გიორგი ქადაგიძეს ექვემდებარება", - განაცხადა მეჭიაურმა.

ამასთან, მეჭიაურის თქმით, ეროვნულ ბანკთან უამრავი კითხვა დაგროვდა. "პირველ რიგში, ეჭვს იწვევს ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც თავის დროზე პირადად მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა დააკომპლექტეს. საბჭოს სამი წევრი, მათ შორის გიორგი ქადაგიძე, ყოფილი პროკურორია, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ბანკების გაკოტრებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ", - აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, თუ საპარლამენტო არჩევნებამდე გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის ნებისმიერ უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი მყისიერ რეაგირებას ახდენდა და ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას მაქსიმალურად იყენებდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ლარის კურსის გასამყარებლად, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს. "გასული წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სანამ ლარის კურსის ვარდნამ 10%-ს არ გადააჭარბა, ეროვნული ბანკი აბსოლუტურად უმოქმედო იყო. ქადაგიძემ არსებული რეზერვი კრიზისის დაწყებიდან მხოლოდ ათი თვის თავზე გამოიყენა, თუმცა ისიც წყალს გაატანა - 4 დღეში 80 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა მალევე უკან 140 მილიონი ლარი შეაბრუნა. ქადაგიძის გასული კვირის განცხადებების გაანალიზებაც საკმარისია, რომ მივხვდეთ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერესებში ლარის კურსის სტაბილურობა არ შედის. პირიქით, მან მოსახლეობას, ფაქტობრივად, მოუწოდა, შემოდგომისთვის ლარი უფრო გაუფასურდება და დოლარი სასწრაფოდ შეიძინეთო, არადა, ელემენტარული ინტერვენციით შეეძლო საზოგადოებაში პანიკა არ გამოეწვია. ლარის გაუფასურების პროცესს ვეტოს დადებით პრეზიდენტმაც ხელი შეუწყო და საზოგადოებისთვის საზიანო სხვადასხვა მანიპულაციისთვის ქადაგიძეს მეტი დრო მისცა", - აღნიშნა მეჭიაურმა.

მეჭიაური მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის არდაწყება შეცდომაა. "ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული, თანაც ქადაგიძის უმოქმედობა განსაკუთრებით გამოიკვეთა გასულ წელს, როდესაც კრიზისი მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონს შეეხო. აუდიტის სამსახურშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო - მართალია, ამ უწყებასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხელმძღვანელობდა, თუმცა, როგორც კი აუდიტის სამსახური პოლიტიკური ზეწოლისგან გავათავისუფლეთ, ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამუშავდა. ეროვნული ბანკის შემთხვევაში ასე არ მოხდა, თანაც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს არც ის დაუმალავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სთხოვეს, გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ. ჩემი აზრით, შეცდომა დავუშვით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დავიწყეთ, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობდა ალბათობა, რომ უარესი შედეგის წინაშე აღმოვჩენილიყავით", - განაცხადა მეჭიაურმა.  რაც შეეხება პროგნოზს, მეჭიაურის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ლარის კურსის გაუფასურება არ გაგრძელდეს.