რამდენჯერ აღემატება მშრომელი გლეხის საშუალო წლიური შემოსავალი თბილისში, საშუალო დონის მენეჯერის შემოსავალს

საქართველოში დასაქმება მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. დროსთან ერთად იცვლება მოთხოვნა პროფესიებზე და დღეს ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად კადრებად სხვადასხვა სფეროში მომუშავე მენეჯერები მიიჩნევიან. გადავწყვიტეთ მათი შემოსავალი სოფელში მომუშავე გლეხის შემოსავლისთვის შეგვედარებინა.

იმის გასარკვევად, თუ რამდენჯერ აღემატება გლეხის შემოსავალი საშუალო დონის მენჯერის შემოსავალს, AMBEBI.GE ფინანსისტ ერეკლე იოსებაშვილს ესაუბრა. თვალსაჩინოებისთვის ავიღეთ კახეთის რეგიონი და დავადგინეთ მინიმალური შემოსავალი გლეხისა, რომელიც მთელი წელი მიწაზე მუშაობს და მისი შემოსავლის წყარო სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ხილი და ბოსტნეულია.

ერეკლე იოსებაშვილი:

პირველ რიგში დავიწყოთ ვენახითა და ყურძნით. საშუალო დონის გლეხისთვის პირობითად, ავიღოთ 3 ჰექტარი ვენახი, აქედან ჰექტარნახევარზე ავიღოთ საფერავი და დანარჩენ ნაწილზე - რქაწითელი. აქედან წლიური შემოსავალი თავის ხარჯიანად გამოდის 19 000 ლარი, თვეში კი 3 ჰექტარი ვენახიდან დაახლოებით 1 600 ლარი სუფთა შემოსავალი. თუმცა დაზღვეული არავინ არის სეტყვისგან, ასევე შეიძლება გლეხმა შესაბამისი ქიმიკატი არ დაამატა და მოსავალი არ იყოს კარგი.

ზაფხულში კახეთში გლეხის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა საზამათრო. ესეც პირობითად ერთ ჰექტარზე ავიღოთ, რომელზეც მინიმუმ 45 ტონას აიღებს. საზამთროს წლევანდელი ფასი კატასტროფულია და საშუალო ავიღოთ 18 თეთრი, თავის ხარჯებიანად საზამთროს წლიური შემოსავალი ერთ ჰექტარზე 4 000 ლარია, რაც თვეში გამოდის 333 ლარი.

ზაფხულის კიდევ ერთი შემოსავლიანი პროდუქტია ატამი, რომელიც ჰექტრის მეოთხედ ნაწილზე, ანუ 25 მეასედზე რომ ავიღოთ, სავარაუდო წლიური შემოსავალი 3 000 ლარი იქნება, ხოლო თვეში 250 ლარი გამოვა. მე ავიღე მინიმალური ფასი, რადგან ყოველ წელს სხვადასხვა ფასი აქვს. შემდეგი პროდუქტი, რომელიც კახეთში ბოლო დროს შემოსავლის სერიოზული წყარო გახდა, არის თხილი. იქიდან გამომდინარე, რომ თხილი მოსავლელად ნაკლებხარჯიანია და დიდშემოსავლიანია, კახეთში მეთხილეობაც ვითარდება, რადგან დიდი ხანია თხილის ფასი 4 ლარზე ქვემოთ არ ჩამოსულა. პირობითად, ერთ ჰექტარზე ავიღოთ მსხმოიარე თხილი, ნორმალური ჯიშის, როგორიც არის ანაკლიურა, აქ ასე ეძახიან. ერთ ჰექტარზე ოთხასი ძირია. თავის ხარჯებიანად თხილმა თვეში 550 ლარი უნდა მოგვცეს.

დაბოლოს, ავიღოთ მემარცვლეობა, სიმინდი და ხორბალი. ამ შემთხვევაში ხორბალი, რადგან ის უფრო მეტ ჰექტარზე ითესება, ვიდრე სიმინდი იმიტომ, რომ ხორბალი მზის სიცხეებს ასწრებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხორბალი ზაფხულის დასაწყისში მოდის, ივნისში - ივლისის დასაწყისში, აქედან გამომდინარე, დიდ სიცხეებს ვეღარ ესწრება და მოსავლიანობა აქვს. ერთ ჰექტარზე საშუალოდ 3 ტონა ხორბალი მოდის, ხარჯებიანად რომ ვიანგარიშოთ, თვეში გამოდის 58-60 ლარი", - ამბობს ერეკლე იოსებაშვილი.

ფინანსისტის მიერ დასახელებული ფასებით რომ ვიმსჯელოთ, საბოლოო კალკულაცია ასეთია- საშუალო შემოსავლის მქონე გლეხის წლიური შემოსავალი დაახლოებით 32 400 ლარია.

რაც შეეხება დედაქალაქში, საშუალო დონის მენეჯერის ხელფასს, AMBEBI.GE-მ რამდენიმე თვის წინ უკვე შესთავაზა მკითხველს საქართველოში იმ დარგების მენეჯერების ნუსხა, რომელთა ანაზღაურება თვეში 1500-დან 2000 ლარამდეა. აღმოჩნდა, რომ IT მენეჯერებზე საქართველოში მაღალი მოთხოვნაა და კვალიფიციური კადრის შემოსავალი მინიმუმ 1 500 ლარია. საქართველოში პროფესიონალთა შემოსავალი 1 500 ლარს აჭარბებს მარკეტინგის მენეჯერების შემთხვევაშიც. გარკვეულ შემთხვევებში, 2 000 ლარზე მეტია აუდიტორულ კომპანიებში დასაქმებულ აუდიტორთა შემოსავალი.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პერსონალია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები, რომელთა შემოსავალი როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე წარმატებულ კომპანიებში აჭარბებს 1 500 ლარს. ასევე მაღალანაზღაურებად საქმიანობად მიიჩნევა ბუღალტერია და ზოგადად ფინანსური მენეჯმენტი. საბოლოო ჯამში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საშუალო დონის მენეჯერს თბილისში თვეში 2000-ლარიანი ხელფასი აქვს, მისი წლიური შემოსავალი 24 000 ლარს არ აღემატება, რაც გლეხის წლიურ შემოსავალს, ზემოთ მოყვანილი ფორმულის შემთხვევაში, 10 000 ლარით ჩამოუვარდება.

იმ შემთხვევაში, თუ თბილისში დასაქმებულ საშუალო დონის მენეჯერს თვეში 1800 ლარს უხდიან, მისი წლიური შემოსავალი 21 600 ლარია, ხოლო იმ მენეჯერთა წლიური შემოსავალი, რომლებსაც 1500-ლარიანი ანაზღაურება აქვთ, 18 000 ლარია. გასათვალისწინებელია ყოველდღიური ხარჯებიც (გადაადგილება, საკვები, კომუნალური გადასახადები და ა.შ.), რომელიც თბილისში ცხოვრებისას ბევრად მეტია, ვიდრე სოფლად და შესაბამისად, სოფლად ცხოვრების კიდევ ერთი უპირატესობა ნაკლები დანახარჯები და მეტი ფინანსური ინვესტიციის შექმნის პერსპექტივაა.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE