საქართველოში რამდენიმე კომპანიამ საწვავის ფასი 5-6 თეთრით შეამცირა

საქართველოში რამდენიმე კომპანიამ საწვავის ფასი 5-6 თეთრით შეამცირა. როგორც კომპანია "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლებაა, რაც მისი თქმით, "ძალიან კარგია და სასიამოვნო". "ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებზე ვაკლებთ ფასს, ანუ ჯერ დიზელი, შემდეგ ბენზინი და ა.შ. ჯამში, 5-6 თეთრის ფარგლებში მოხდა კლება", - განაცხადა მიშველაძემ.

ბენზინზე ფასები შეამცირა ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა". კომპანიის ცნობით, დაიკლო ფასებმა ყველა ტიპის ბენზინის საწვავზე ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ავტოგასამართ სადგურებზე, მთლიანი ქსელის მასშტაბით. ამჯერად ფასები 5 თეთრით შემცირდა და დღეის მდგომარეობით სოკარის ქსელში ნავთობპროდუქტების ფასები შეადგენს - ,,ნანო-რეგულარი" - 1,90 ლარი; ,,ევრო რეგულარი" - 1,93 ლარი; ,,ნანო-პრემიუმი" - 2,04 ლარი; ,,სუპერი"" - 2,12 ლარი; ,,ნანო-დიზელი" - 1,87 ლარი; ,,ევრო დიზელი" - 2,02 ლარი.

დღეიდან ბენზინზე ფასი 5 თეთრით შეამცირა "ვისოლმა". როგორც კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში" აცხადებენ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით "ვისოლი" ფასებს უკვე მეორედ ამცირებს. გასულ კვირას ფასებმა კომპანიის ქსელში არსებულ დიზელის პროდუქტებზეც 5 თეთრით დაიკლო.  "მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ ბენზინის პროდუქტზე ფასი 5 თეთრით შევამციროთ. თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება", - აცხადებს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.