სტატისტიკის სამსახური ინვესტიციების დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2014 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს.

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1758 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სამი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2014 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 52 პროცენტი შეადგინა. ინვესტორი ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 21 პროცენტით, მეორეზე - აზერბაიჯანი 19 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ჩინეთი 12 პროცენტით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 433.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს მშენებლობის სექტორი 316.6 მლნ აშშ დოლარით (18 პროცენტი), ხოლო მესამეს - დამამუშავებელი მრეწველობა 205.4 მლნ აშშ დოლარით (12 პროცენტი).