11 ყველაზე უჩვეულო აეროპორტი მსოფლიოში

აეროპორტები, როგორც წესი, უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული, სავსეა მაღაზიებით და DutyFree-ს განყოფილებებით, რომლის დათვალიერებით მგზავრები ხშირად რეისიდან რეისამდე დროის გაყვანას ცდილობენ. თუმცა, არსებობს აეროპორტები, რომლებიც განსხვავებულად გამოიყურება.

გამოცემა Independent-ი 11 ყველაზე საინტერესო და გამორჩეული აეროპორტის სიას აქვეყნებს.

1. მალდივებზე მდებარე იბრაჰიმ ნასირის საერთაშორისო აეროპორტი-

მალდივების კუნძულების დედაქალაქ მალეს აეროპორტი ერთ-ერთია იმ აეროპორტებს შორის, რომელთაც მთელი კუნძული უკავია. ის ირგვლივ სულ წყლით არის გარშემორტყმული.

2. ნეპალში მდებარე "ტენცინგ-ჰილარის" აეროპორტი - ჰიმალაიში მდებარე ქალაქ ლუკლას მცირე ზომის აეროპორტი ცნობილია, როგორც მთა ევერესტთან დამაკავშირებელი აეროპორტი. იგი მსოფლიოში ყველაზე საშიშ აეროპორტს წარმოადგენს მდებარეობის და კლიმატური პირობების გამო. ამასთან, მას ერთ მხარეს უზარმაზარი კლდე ესაზღვრება.

3. აშშ, ოკლაჰომას აეროპორტი- აღნიშნული აეროპორტი სასჯელაღსრულების დაწესებულების გვერდით მდებარეობს.

4. Ice Runway, ანტარქტიდა- აღნიშნული ასაფრენი ზოლი წლის მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ფუნქციონირებს, დანარჩენ დროს კი იყინება.

5. კუნძულ საბას აეროპორტი- კუნძული საბა ნიდერლანდების იურისდიქციის ქვეშაა, მასზე მხოლოდ ერთი გზა და ერთი ბანკომატი არსებობს. კუნძულის აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომისაა. მისი ასაფრენი ზოლი მხოლოდ 400 მეტრს შეადგენს.

6. პორტუგალია. მადეირას აეროპორტი- აღნიშნულ აეროპორტში დაფრენა დიდ გამოწვევას წარმოადგენს პილოტებისთვის. აეროპორტის ასაფრენი ზოლი 70 მეტრის ბოძებზეა შემდგარი და მას ერთ მხარეს ზღვა ესაზღვრება.

7. აშშ, ნევადა, Black Rock City Municipal Airport- აღნიშნული აეროპორტი ნევადას უდაბნოს შუაგულში მდებარეობს და იგი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი კვირით იხსნება მაშინ, როდესაც ფესტივალი Burning Man-ი იმართება.

8. იაპონია, კანსაის საერთაშორისო აეროპორტი- აღნიშნული აეროპორტის მშენებლობისთვის სპეციალური კუნძული შეიქმნა. აეროპორტის ასაშენებლად მიმდებარე ტერიტორიაზე საკმარისი ადგილი ვერ აღმოაჩინეს, ამიტომაც იძულებული გახდნენ, 21 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მიწა გამოეყენებინათ და აეროპორტისთვის ადგილი გაემზადებინათ. იგი ქალაქ ოასაკასთან ახლოს მდებარეობს.

9. ბჰუტანი, პაროს საერთაშორისო აეროპორტი- აღნიშნული აეროპორტი ჰიმალაის ველის შუაგულში მდებარეობს. ამ აეროპორტში დაფრენა მხოლოდ რვა კვალიფიცირებულ პილოტს შეუძლია.

10. აშშ, ფლორიდა, "გრეისტოუნის" აეროპორტი - ეს არის ჯონ ტრავოლტას პირადი აეროპორტი ფლორიდაში, საიდანაც ის პირდაპირ საკუთარ სახლში ჩადის ხოლმე.

11. საუდის არაბეთი, მეფე აბდულაზიზის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი- ქალაქ ჯიდას მთავარი აეროპორტი. მისი მთლიანი ტერმინალი ყოველწლიური "ჰაჯის" დროს მექაში ჩასული პილიგრიმებისთვისაა გათვლილი. მას ერთდროულად 80 000 მგზავრის მიღება შეუძლია. გარდა ამისა, იგი მდიდრულად არის მორთული.

იხილეთ ფოტოგალერეა