"რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღებამ შესაძლოა, მისი გაკოტრება გამოიწვიოს"

"რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღებამ შესაძლოა, მისი გაკოტრება გამოიწვიოს, - ამის შესახებ ნათქვამია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 91%-იანი წილის მფლობელების, გიორგი ყარამანიშვილის, ლევან ყარამანიშვილისა და შ.პ.ს. ტელეკომპანია "საქართველოს" განცხადებაში.

"ჩვენი შეშფოთების საგანი არის არა იმდენად ჩვენი წილების დაყადაღება, რამდენადაც რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება და მისი ხელმძღვანელობისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვა, რაც კომპანიას უსპობს ჩვეულებრივი ოპერირების შესაძლებლობას და რამაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა გამოიწვიოს მისი გაკოტრება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ დავის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ქონების (რუსთავი 2-ის წილების) დაყადაღება, ხოლო რუსთავი 2-ის ქონება წარმოადგენს არა ჩვენს, არამედ დამოუკიდებელი იურიდიული პირის, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საკუთრებას", - ნათქვამია განცხადებაში.

91%-იანი წილის მფლობელები მიიჩნევენ, რომ სწორედ "რუსთავი 2"-ის ქონებაზე და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე შეტევა აფიქრებინებთ, რომ მთელი ეს სამართლებრივად უშინაარსო და უპერსპექტივო დავა მიმართულია თავისუფალი მედიის ფლაგმანის - რუსთავი 2-ის გასანადგურებლად, რაც, თავის მხრივ, უმძიმეს ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.  "მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბრძოლა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ. მივმართავთ თხოვნით არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს, თვალყური მიადევნონ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და მაქსიმალური თანადგომა გაგვიწიონ კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე შეტევის დროს,"-აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, სრულიად გაუგებარია, რის "დაბრუნებას" ითხოვს ფორმალური მოსარჩელე ხალვაში, რომლის დროსაც "რუსთავი 2" შეკედლებული იყო რამდენიმე ნაქირავებ ოთახში და იყო წამგებიანი კომერციული სუბიექტი. "ბოლო რამდენიმე დღეა, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, შეშფოთებული ვადევნებთ თვალყურს შეტევას თავისუფალი მედიის ფლაგმანზე, "რუსთავი 2"-ზე. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ აბსოლუტურად კანონიერად და კეთილსინდისიერად გავხდით ტელეკომპანიის მესაკუთრეები, ჩვენს მიერ განხორციელდა რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია. კომპანიის ღირებულება 2012 წლის შემდეგ გაიზარდა სულ მცირე ორჯერ, ხოლო ქიბარ ხალვაშის მფლობელობის პერიოდთან შედარებით - სულ მცირე 20-ჯერ. ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რის "დაბრუნებას" ითხოვს ფორმალური მოსარჩელე ხალვაში, რომლის დროსაც რუსთავი 2 შეკედლებული იყო რამდენიმე ნაქირავებ ოთახში და იყო წამგებიანი კომერციული სუბიექტი. შედარებისთვის, დღეს "რუსთავი 2" არის ტელეინდუსტრია, რომელიც მოიცავს 3 არხს, რომელსაც დასაქმებული ჰყავს ათასამდე ადამიანი და რომელიც ფლობს უძრავი და მოძრავი ქონების დიდ ინფრასტრუქტურას", - ნათქვამია განცხადებაში.