ოთარ დანელია დღეს სომეხ კოლეგასთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სერგო კარაპეტიანი დღეს პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.  დღესვე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სერგო კარაპეტიანი კახეთის რეგიონსაც ესტუმრებიან. ოთარ დანელია სომეხ კოლეგას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,მექანიზატორის" სერვისცენტრის მუშაობის პროცესს გააცნობს. მინისტრები მესაქონლეობის ფერმას შპს ,,ყვარლის ბაგას" და ღვინის მწარმოებელ საწარმოს ,,ქინძმარაულის მარანს" დაათვალიერებენ.

ოთარ დანელიამ სომეხ კოლეგას გუშინ აჭარაში უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  ოთარ დანელიას მოწვევით 16-19 აგვისტოს საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი იმყოფება.  უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაურ ფუტკარაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ.

სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პომიდვრისა და მარწყვის სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობები და ვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე, ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. მინისტრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დახურული ტიპის ზუთხის საწარმო შპს ,,იხტიოსი" დაათვალიერეს. მეურნეობა 3000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული. ტერიტორიაზე 24 ავზში 20 000 ცალი ზუთხია გაშვებული. საწარმომ წელს 42 ტონა თევზის რეალიზაცია განახორციელა.