ოთარ დანელია ფქვილის და პურის ფასის მატების ლოგიკას ვერ ხედავს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოში ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს.

როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ხორბლის ძალიან დიდი მოსავალია. "შეიძლება ის ცალსახად სასურსათო დანიშნულების არ იყოს, მაგრამ შერევისთვის ეს არის მისაღები ხარისხი. პლუს ამას ემატება საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფებული ხორბლის ფასები, შესაბამისად, ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა "იფქლის" ხელმძღვანელის განცხადებას, რომ შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა სამინისტროდან უარი შეუთვალეს. დანელიას განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.  მისივე თქმით, ძალიან აინტერესებს და დააკონკრეტოს ყველამ, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ გამკაცრებულია კონტროლი ფქვილის და ხორბლის ნაწილში. "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო ბირჟების ფასების შესაბამისად, ჩვენ ვფქირობთ, იმის საფუძველი, დღეს პური გაძვირდეს, იმიტომ, რომ უნდა გაძვირდეს ფქვილი, ნამდვილად არ არსებობს, ვინაიდან არ არსებობს ფქვილის გაძვირების საფუძველი. დანარჩენი უკვე ბიზნესის გადასაწყვეტია", - აღნიშნა დანელიამ.

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრას" "იფქლის" ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ განუცხადა, თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება. შაქრო ბაკურაძის თქმით, მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა - 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა და მას შემდეგ ყოველი ორშაბათი ფქვილის ფასის გაზრდის დღედ იქცა.