საშუალო მომხმარებელმა თვეში 137 ლარი უნდა იკმაროს?!

სტატისტიკის სამსახურმა საარსებო მინიმუმი შეამცირა და დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის არსებობისთვის, თვის განმავლობაში 155,6 ლარი კმარა. ცნობისთვის, ივნისთან შედარებით საარსებო მინიმუმი დაახლოებით 6 ლარით არის შემცირებული.

საარსებო მინიმუმის შემცირებას სტატისტიკოსები ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების კლებით ხსნიან, რაც ძნელად დასაჯერებელია იმ ფონზე, როცა მცირე მოსავლისა და ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის ფონზე, მთელი რიგი პროდუქტების გაძვირების ტენდენცია შეინიშნება. საინტერესოა, რომ სტატისტიკოსების დათვლით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისგან განსხვავებით, საშუალო მომხმარებელმა თვეში კიდევ უფრო ნაკლები - 137,8 ლარი უნდა იკმაროს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი ოფიციალური სტატისტიკით მხოლოდ 261 ლარია.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტისა და მომსახურებისგან შედგება.