ოთარ დანელია: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და სომხეთის ევრაზიული კავშირის წევრობა ერთმანეთს ხელს არ უშლის

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ხოლო სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, ერთმანეთს ხელს არ უშლის. ამის შესახებ ოთარ დანელიამ საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ სერგო კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთს შორის განსაკუთრებულად დამთბარი და სიღრმისეული ურთიერთობა არსებობს, რაც ქვეყნების პირველი პირების დამსახურებაა.  მინისტრის განცხადებით, ურთიერთანამშრომლობის კუთხით სერიოზული პოტენციალია ვაჭრობის სფეროში. "მოგეხსენებათ, ორივე ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება და სერიოზული პროგრესია. შესაბამისად, ეს ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ასევე, ENPARD-ის პროექტი ხორციელდება, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში და ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ამ მიმართულებით გავუზიაროთ ის პრაქტიკა და გამოცდილება, რომელიც გვიგროვდება. ჩვენ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შეთანხმება. ასევე გვაქვს სომხეთთან. სომხეთი გახლავთ ევრაზიული კავშირის წევრი. მინდა გითხრათ, რომ ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის. პირიქით, შეიძლება უფრო საინტერესო პერსპექტივები დაისახოს ამ მიმართულებით და განვითარდეს ურთიერთანამაშრომლობა", -განაცხადა ოთარ დანელიამ.

დანელიამ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც სომხურმა მხარემ საქართველოს ციტრუსის კუთხით გაუწია. სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა და ამ კუთხით საქართველოსთან ურთიერთანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

სერგო კარაპეტიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო ხშირად უნდა ეწვიონ საქართველოს და გაეცნონ იმ გამოცდილებას და პროგრესს, რომელიც ქართულ მხარეს აქვს. მანვე ქართული დელეგაციების სომხეთში სტუმრობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.  სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია, სომხეთი ევრაზიის კავშირის წევრია, ამ მხრივ ეს საქართველოსთვის იქნება საინტერესო და ეს უნდა გამოიყენონ.