თბილისის მერი ებრაელ ინვესტორებს შეხვდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისრაელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია ისრაელში ვიზიტით იმყოფება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი იერუსალიმის მერსა და ებრაელ ინვესტორებს შეხვდა.  მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბიზნესფორუმი გაიმართა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბიზნესმენები სპეციალურად ამ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. თბილისის მერმა პირველი შეხვედრა ჰაიტეკის წარმომადგენლებთან გამართა. საუბრის მთავარი თემა სტარტაპების განვითერებისთვის საჭირო ახალი ტექნოლოგიების დანერგვა იყო. დავით ნარმანიამ ისრაელის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ქართული დელეგაციის ებრაელ ინვესტორებთან შეხვედრას წარმომადგენლებმა ორგანიზება გაუწიეს. ბიზნეს-ფორუმზე ქართულმა მხარემ საქართველოს ბიზნესპოტენციალის შესახებ ისაუბრა და სხვადასხვა პროექტის პრეზენტაცია გამართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, იერუსალიმის მერთან შეხვედრისას იერუსალიმის მერი ნირ ბარკათი თბილისის საინვესტიციო გარემოთი, ტურიზმისა და სამედიცინო სფეროთი დაინტერესდა. ორი ქვეყნის დედაქალაქების მერების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. მათი განცხადებით, ტურიზმის განვითარება მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. იერუსალიმის მერი დავით ნარმანიას ძველი ქალაქის განვითარების გამოცდილების გაზიარებას დაჰპირდა.

"ჩემი ვიზიტი ემსახურება სამ მიმართულებას, პირველი არის ინვესტიციის მოზიდვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და მესამე - მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. დედაქალაქის კარი ღიაა ინვესტორებისთვის, მე პირადად ვარ გარანტი, რომ ხელი შეეწყობა პროექტების განხორციელებას. გვერდში დავუდგები თითოეულ ინვესტორს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბიზნესფორუმის ორგანიზატორის იციკ მოშეს განცხადებით, საფუძველი ჩაეყარა ორმხრივი ურთიერთობის ახალ ფორმატს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კომპლექსურ თანამშრომლობას. იციკ მოშეს თქმით, ბიზნესფორუმის შემდეგ საქართველოში ებრაული ინვესტიციით მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებას ელოდება. დღის ბოლოს დავით ნარმანია ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს ხილიკ ბარს შეხვდა, რომელიც ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს. თბილისის მერმა ხილიკ ბარისგან მხარდაჭერა მიიღო და აქვე დაიგეგმა ქნესეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში.