საბერძნეთში 14 აეროპორტი გაიყიდა

საბერძნეთის მთავრობამ 14 რეგიონული აეროპორტი გაყიდა. ამის შესახებ "უოლ სტრიტ ჯორნალი" იტყობინება. ათენის გადაწყვეტილებით, აეროპორტები გერმანულ ოპერატორ კომპანია Fraport-ს 40 წლით გადაეცა. სანაცვლოდ გერმანული კომპანია 1.2 მილიარდ ევროს გადაიხდის. გაყიდულ აეროპორტებს შორისაა სალონიკის, კავალას, კოსის, როდოსის, სანტორინის, კეფალინიას და კიდევ 8 ქალაქის აეროპორტი. 2013 წლის მონაცემებით, აღნიშნულმა აეროპორტებმა 19.1 მილიონ მგზავრს უმასპინძლეს.

ეს პრივატიზაციის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც საბერძნეთს მემარცხენე მთავრობა ჩაუდგა სათავეში. გერმანული Fraport-ი ფრანკფურტის აეროპორტის მმართველი კომპანიაა. იგი ბერძნულ პარტნიორ კონსორციუმთან Copelouzos Group-თან ერთად 2055 წლამდე აეროპორტების ოპერირების, მართვისა და გაფართოების უფლებით ისარგებლებს.