ბათუმში სასტუმრო "კოლიზეუმი" გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, ზღვის პირას მდებარე სასტუმრო "კოლიზეუმი" გახსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს ბათუმში უკვე მესამე სასტუმრო გაიხსნა, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. მისივე განმარტებით, განხორციელებული ინვესტიციის ფარგლებში დასაქმდება 170-მდე ადგილობრივი.

"ამ წელს ბათუმში მესამე სასტუმრო გავხსენით. ეს არის ოთხვარსკვლავიანი არაჩვეულებრივი სასტუმრო, რომელიც 14 მილიონი დოლარი დაჯდა. პირველ რიგში ინვესტორს, ქალბატონ არშბას უნდა გადავუხადო მადლობა. ეს არის არაჩვეულებრივი სასტუმრო ბათუმში და დამსვენებლებისთვის კიდევ ერთი კარგი ადგილი. მე მინდა ამ ოჯახის პატრიოტიზმის შესახებ აღვნიშნო. ისინი არიან ერთ-ერთი პიონერები, რომლებმაც ბათუმში დაიწყეს ინვესტიციების განხორციელება ჯერ კიდევ 15 წლის წინ და მიხარია, რომ ჩვენ ვართ მომსწრენი ამ პროექტის განხორციელების. ეს არის ქართული პროექტი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. 100 ადამიანი დასაქმდა უკვე და საბოლოო ჯამში 170 ადგილობრივი იმუშავებს. ძალიან მიხარია, რომ ეს სასტუმრო უკვე სრულად დატვირთულია. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმის, რომ ტურიზმი არის მზარდი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.