რძის, კვერცხისა და ხორცის წარმოება გაიზარდა

საქსტატმა საქართველოს სოფლის მეურნეობის 2015 წლის II კვარტლის წინასწარი მონაცემები გაავრცელა. საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 443 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.0 პროცენტით აღემატება.  აქედან ფურის სულადობამ 662 ათასი შეადგინა. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.5 პროცენტით გაიზარდა და 1 232 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა 268 ათასი სული იყო, რაც 16.1 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2015 წლის II კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობამ 13 054 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 233.5 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია; ხორცის წარმოებამ 11.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 0.9 პროცენტით აღემატება; ხოლო კვერცხის წარმოებამ 151.3 მილიონი ცალი და წინა წლის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტი შეადგინა.