ეროვნული საინვესტიციო სააგენტო:  ებრაელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ ორგანიზებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმს ესწრებოდნენ მსხვილი ებრაული კომპანიების წარმომადგენლები ისეთი სექტორებიდან როგორებიცაა ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და წარმოება.  ღონისძიებაზე საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა და თბილისის მერმა ბიზნესმენებს წარუდგინეს საქართველოში სხვადასხვა სწრაფად მზარდი საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციები.

ბიზნესფორუმის გარდა, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ებრაელ ინვესტორებთან. შეხვედრებზე ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ უკეთ გაცნობოდნენ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და ინვესტირების შესაძლებლობებს, დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიეღოთ ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. "ვიზიტისა და გამართული შეხვედრების შედეგია ებრაელ ბიზნესმენთა დაინტერესება საქართველოში სასტუმროების ბიზნესისა და წარმოების სექტორებში ინვესტიციების განხორციელებით. უკვე შეთანხმდა შემოდგომაზე რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი პირის ვიზიტი, რომელთაც საინვესტიციო სააგენტო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასა და თბილისის მერიასთან ერთად ადგილზე გააცნობს საინვესტიციო პროექტებსა და შესაძლებლობებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.