ევროკავშირის საწყობებში 150 000 ტონა ღორის ხორცი დაგროვდა

ევროკავშირის საწყობებში რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს გამო 150 000 ტონა ღორის ხორცი დაგროვდა. ამის შესახებ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სტეფან ლე ფოლმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ბაზრის დახურვამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სერიოზული კრიზისი და ღორის ხორცის ჭარბწარმოება გამოიწვია.  "ეს საკმაოდ დიდი ზეწოლაა ბაზარზე. ჩვენ გავზარდეთ ღორის ხორცის ექსპორტი ჩინეთში, თუმცა, ეს არ გვაძლევს საშუალებას პრობლემა ბოლომდე აღმოვფხვრათ", - აღნიშნა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

რუსეთმა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ ევროკავშირიდან, აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ნორვეგიიდან არაერთი პროდუქციის იმპორტი აკრძალა. რუსული კონტრსანქციების საკითხს 31 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრაზე საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის წარმომადგენლები განიხილავენ.