არადეკლარირებული ოქროს ნივთების შემოტანის გამო, მგზავრს ფულადი ჯარიმა დაეკისრა

დეკლარირების წესის დარღვევის გამო, მგზავრს ფულადი ჯარიმა დაეკისრა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის "სადახლო-საავტომობილოს" ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან ფეხით მოსიარულეთა დარბაზში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დ.ი., რომელსაც ფიზიკური დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნივთები აღმოუჩინეს.  მგზავრს  შემოჰქონდა: ყელსაბამი - 4 ცალი, სამაჯური - 2 ცალი, ბეჭედი - 5 ცალი, საყურე - 3 წყვილი. ნივთების ჯამურმა წონამ შეადგინა 191,62 გრამი, ხოლო საბაჟო ღირებულებამ - 4882 აშშ დოლარი (11329.91ლარი).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 11329,91 ლარის ოდენობით.