სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 17 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ქუთაისის აეროპორტი" შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 732 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი SOLPADEINE (კოდეინის შემცველობით) აღმოაჩინეს. აკრძალული მედიკამენტი სომხეთის მოქალაქე ი.დ.-ის კუთვნილი ბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად იქნა აღმოჩენილი. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 18 აგვისტოს, სგპ "ვალეს" ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე დ.ი., რომლის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს 20 აბი APRANAX PLUS, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს, და 70 აბი XANAX, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ალპრაზოლამს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს, საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლო საავტომობილოს" ტერიტორიაზე 12 აგვისტოს მოხდა. სომხეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ი. მ., რომლის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ლირიკა - 110 აბი. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საგამოძიებო ორგანოს.