"თურქეთის ნაკადი" შესაძლოა, ავსტრიამდე ჩავიდეს

გაზსადენი "თურქეთის ნაკადი" შესაძლოა, ავსტრიამდე ჩავიდეს. თურქეთიდან ავსტრიამდე გაზსადენის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს ხელს უნგრეთის, სერბეთის, მაკედონიისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სავარაუდოდ, სექტემბერში მოაწერენ. "თურქეთის ნაკადის" გაგრძელება - გაზსადენი "თესლა" სწორედ საბერძნეთის, მაკედონიის, სერბეთისა და უნგრეთის ტერიტორიას გადაკვეთს და ვენაში ჩავა.

თუ აღნიშნულთან დაკავშირებით ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმებას მიაწევენ, მაშინ ახალი გაზსადენის პროექტზე მუშაობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს. იგი წლის განმავლობაში 27 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გაზსადენი "თესლა" გაზს არამხოლოდ "თურქეთის ნაკადიდან", არამედ გაზსადენ TANAP-იდანაც მიიღებს.

რაც შეეხება "თურქეთის ნაკადს", იგი რუსეთიდან შავი ზღვის გავლით მოსკოვისთვის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდების ალტერნტიულ გზას წარმოადგენს. "თურქეთის ნაკადი" პროექტ "სამხრეთის ნაკადს" ჩაანაცვლებს, რომელიც 2014 წლის დეკემბერში მოსკოვმა შეაჩერა.