სემეკ-ში "თელასის" ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი განხილვა გაიმართება

სემეკ-ში 24 აგვისტოს "თელასის" ტარიფთან დაკავშირებით მორიგი წინასწარი განხილვა გაიმართება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს, 12:00 საათზე სემეკ-ში სს "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის - საოპერაციო დანახარჯებისა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტის შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრა საჯაროა და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად. დადგენილების გამოცემის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების - დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - 2015 წლის 18 დეკემბერი", - ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა და დადგენილების პროექტი განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე - www.gnerc.org. "ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარადგინოს თავისი მოსაზრება და წინადადება კომისიაში შემდეგ მისამართზე: ა.მიცკევიჩის N19. ამასთანავე, დაინტერესებული პირი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს ვინაობა", - ნათქვამია განცხადებაში.