31 კომპანიაში შრომის პირობების მონიტორინგი განხორციელდა

31 კომპანიაში შრომის პირობების მონიტორინგი განხორციელდა. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სპეციალურად გადამზადებულმა 25-მა შრომის ინსპექტორმა ინსპექტირება კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში ჩაატარა. მინისტრის ინფორმაციით, აღმოჩენილია მარტივად მოგვარებადი ხარვეზები. მისივე ცნობით, აღმოჩენილი შენიშვნებისა და დარღვევების პირველი ნაწილი პერსონალური დამცავი აღჭურვილობის თემას მიეკუთვნება.

"პირველი, რასაც სამწუხაროდ საწარმოებში ნაკლები ყურადღება ექცეოდა, პერსონალური დამცავი აღჭურვილობაა. ეს არის იქ, სადაც საჭიროა ჩაფხუტი, დამცავი სათვალე, შუქამრეკლავი, კონტრასტული ჟილეტი და სპეციალური დამცავი ფეხსაცმელი, რომელიც იცავს ტრავმისაგან. აღმოჩენილი შენიშვნებისა და დარღვევების პირველი ნაწილი პერსონალური დამცავი აღჭურვილობის თემას მიეკუთვნება. ხარვეზების მეორე ნაწილი შესაბამის საწარმოებში ვინტილაცია-კონდიცირების, სამუშაო გარემო პირობების მოთხოვნებთან შეუსაბამობას უკავშირდება. ასევე რამდენიმე შედარებით უმნიშვნელო ხარვეზი დაფიქსირდა, როდესაც არ ხდებოდა შესაბამის ჟურნალში დოკუმენტაციის წარმოება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კომპანიებს შრომის ინსპექტორების მიერ დაზუსტებული რეკომენდაციები ეძლევათ, შემდეგ კი შესაბამისი სანქციები იქნება. სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე შრომის ტრეფიკინგის არც ერთი შემთხვევა არ აღმოჩენილა.  მინისტრის თქმით, არ დადასტურდა ბიზნესის გარკვეული ნაწილის მხრიდან არსებული მოლოდინი, რომ ინსპექცია მათ მძიმე დარტყმას მიაყენებდა. მან მადლობა გადაუხადა 31 კომპანიის მენეჯერს, რომლებმაც პროცესში ნებაყოფლობით ჩართვის სურვილი გამოთქვეს. "შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახური შედგა. ფუნქციონირებს წარმატებულად და წლის განმავლობაში გაწერილი გეგმის მიხედვით კომპანიების ინსპექტირება გაგრძელდება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.