ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ბათუმში 20 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

წელს ბათუმში 20 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საერთო ღირებულება 700 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, სასტუმრო "კოლიზეუმის" გახსნის შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მზარდი მოთხოვნა სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ტურისტების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს.  პრემიერ-მინისტრის განმარტებით, როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე სეზონზე ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა ფიქსირდება. პრემიერის თქმით, ტურიზმს ქვეყანაში უფრო მეტი ხელშეწყობა და წახალისება სჭირდება.

"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა არის მზარდი. ტურისტების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს საქართველოში, აჭარაში. მოგეხსენებათ, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტები დაფიქსირდა გასულ წელს და ფიქსირდება მიმდინარე წელსაც. ტურიზმის ზრდა არის საგრძნობი ქვეყანაში. ასე რომ, ამ მიმართულებას სჭირდება წახალისება და მეტი ხელშეწყობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.