ირაკლი ღარიბაშვილი: ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა თანმიმდევრულად ხორციელდება

ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა - ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა თანმიმდევრულად ხორციელდება; ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული, დაბალხარისხიანი პროდუქცია და ვაწარმოოთ - ქართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში განაცხადა, სადაც კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი "აგრო ქედის" საწარმოს გახსნას დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქარხანა, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდა, მთლიანად აჭარის რეგიონს მოემსახურება და უკვე მზადაა, მიიღოს საშუალო და მაღალი ხარისხის ხილი. მთავრობის მეთაურმა ახლად გახსნილი საწარმო დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ აჭარელ გლეხებს მოსავალის რეალიზაცია აღარ გაუჭირდებათ. "ამ საწარმოს ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. ჩვენს გლეხებს, ჩვენს ფერმერებს, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა, ჩააბარონ ამ საწარმოში მათ მიერ მოწეული ყველა სახეობის ხილი. წლების განმავლობაში ეს მოსავალი იყრებოდა, ფუჭდებოდა, მოსახლეობას არ ჰქონდა შესაძლებლობა სადმე ჩაებარებინა ხილი. წელს ზურაბ ჩხაიძის წამოწყებით ამ საწარმოში ჩააბარებენ ხილს. ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ასეთი პროექტის ხელშეწყობა. აქტიური მონაწილეობა მიიღო სახელმწიფომ ამ საწარმოს მშენებლობაშიც - შარშან ჩვენ გავეცით 400 ათასი დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსება და ნახევარ მილიონიანი შეღავათიანი აგროკრედიტი. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ შედეგს - კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" უკვე მეორე საწარმოს ხსნის ამ რეგიონში,"- განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, გასულ წელს ამოქმედდა ახალი პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და სახელმწიფომ უკვე 135 ქარხანა დააფინანსა. "გასულ წელს შეიქმნა 30 000 სამუშაო ადგილი, აქედან 90% მოდის სოფლის მეურნეობის სექტორზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, სახელმწიფოს მხარდაჭერით კერძო სექტორი ვითარდება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ სწორედ ისეთმა გაბედულმა ბიზნესმენებმა, როგორიც არის ზურაბ ჩხაიძე (რომელმაც გახსნა ეს ქარხანა), რომლებიც არ ელოდებიან რაღაც განსაკუთრებულს, რასაც ქართველი ხალხი ველოდებით 25 წელია, უნდა შეძლონ ბიზნესის განვითარება საქართველოში ჩვენი ხელშეწყობით. თუმცა, მთავრობა ვერ ჩაანაცვლებს კერძო სექტორს, ისევე როგორც კერძო სექტორი ვერ ჩაანაცვლებს მთავრობას. დღევანდელი დღე არის წარმატებული მაგალითი იმის, რომ მთავრობას და კერძო სექტორს შეუძლია წარმატებით თანამშრომლობა," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქარხანაში დასაქმებულია ადგილობრივი კადრები, სამუშაო ადგილების გაჩენა რეგიონებში კი დიდი შეღავათია თითოეული ოჯახისთვის.  პრემიერმა კიდევ ერთხელ დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა თითოეული რეგიონის რესურსი დეტალურად შეისწავლა და ბიზნესმენებს წარუდგინა. მეწარმეების კითხვებს ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციისას პირადად პასუხობდა.  "მინდა, გულდაწყვეტით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვხედავთ პასიურობას ბიზნესმენების მხრიდან, მაშინ, როდესაც ასეთი პირობები გვაქვს შექმნილი. საქართველოში დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, გვაქვს თავისუფალი მედია, სასამართლო და ყველა პირობა იმისთვის, რომ ქართველმა მეწარმემ აწარმოოს ბიზნესი. ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ ქართული პროდუქცია და ამით კონკურენცია გავუწიოთ უცხოეთიდან შემოტანილ დაბალხარისხიან პროდუქციას. იმპორტის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. მთავრობა მზად არის, გვერდით დაუდგეს ბიზნესმენებს, რომლებსაც მეტი გაბედულება სჭირდებათ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესმენების ნაწილი დღეს საკუთარ ფინანსურ რესურსს დოლარში ინახავს, მაშინ, როდესაც მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ საწარმოების განვითარებას.  "ამით ჩვენ ქართულ სახელმწიფოს გავაძლიერებთ. ეს არ არის ხელისუფლების გაძლიერება, ეს არის ჩვენი მოსახლეობის დახმარება, საერთო ეროვნული, ქართული საქმე. მთავრობა და კერძო სექტორი უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას და ქართული სახელმწიფო იქნება ძლიერი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ახლად გახსნილი საწარმო ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიურად საიმედო პროდუქციის რეალიზაციაზე. საწარმოში შესაძლებელი იქნება ყველა სახეობის ხილის მიღება და გადამუშავება; დამზადდება ხილფაფები, ჯემები, მურაბები, საწებლები. პროდუქცია ადგილზე დაფასოვდება და რეალიზაცია გაუკეთდება როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზე. საწარმოში 50 ადგილობრივია დასაქმებული.