"რთველი 2015"-ის საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა

2015 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი შიოლაშვილი კახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელმძღვანელებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს შარშანდელთან შედარებით ყურძნის მოსავალი თითქმის 30%-ით მეტია. "სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და რეგიონში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება გამოიწვია, რამაც თავის მხრივ, ყურძენზე მოთხოვნის შემცირება განაპირობა. შესაბამისად, დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კვლავ მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. 2015 წლის რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერავზე - 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა და დეტალურად გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმაც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არც ერთ მევენახეს არ შეექმნას. "მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. სუბსიდირების ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს", - ნათქვამია განცხადებაში.

რთველი 2015-ის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის იაფი სესხის გაცემა კვლავ გაგრძელდება. შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა მოახლოებული რთველის ღონისძიებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა. რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბი აგვისტოს ბოლოს თელავში გაიხსნება და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანის რაიონშიც განთავსდება. ამოქმედდება ცხელი ხაზი - 2 47 01 01; შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვებით ერთიან ელექტრონული ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება.

გიორგი სამანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ღვინის ეროვნულ სააგენტო აქტიურ მუშაობას აგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების მიმართულებით. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მიერ აგროდაზღვევის პროექტის განხორციელებით და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დანერგვით მიღებულ დადებით შედეგებზე ისაუბრა. ხელისუფლებამ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებისთვის 14 მლნ ლარი გამოყო. მიმდინარე წელს, სწორედ აღნიშნული სისტემის ამოქმედებამ მოსახლეობას თავიდან ააცილა მოსავლის დიდი ნაწილის დაზიანება-განადგურება.