რუსეთში უკრაინული პროდუქციის ექსპორტი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

2015 წლის პირველ ნახევარში, უკრაინული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის წილი 2 პროცენტამდე შემცირდა. ერთი წლის წინ იგივე პერიოდში კი უკრაინა ექსპორტის 8 პროცენტს სწორედ რუსეთში ახორციელებდა.

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის, ალექსეი პავლენკოს განცხადებით, 2010-დან 2014 წლამდე საკვები პროდუქტის ექსპორტი რუსეთში საერთო ჯამში 40 პროცენტით შემცირდა. მისივე თქმით, უკრაინა ცდილობს სხვა ბაზრების მოპოვებას, ვინაიდან რუსეთის ფედერაციამ უკრაინულ ხორცზე, რძის პროდუქტებსა და ტკბილეულობაზე ხელოვნური შეზღუდვები დააწესა. "2016 წლის 1 იანვრიდან უკრაინა ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას და ეკონომიკურ ასოცირებას სრულად აამოქმედებს, რის შემდეგაც, რუსეთი ჩვენი პროდუქტების ექსპორტზე სერიოზულ გავლენას ვეღარ მოახდენს", - განაცხადა პავლენკომ.