პუტინის ახლო მეგობრებმა მილიარდები დაკარგეს

როტენბერგების ოჯახის წევრებმა რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში წამყვანი ადგილები დაკარგეს. როგორც "ფორბსი" წერს, დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა როტენბერგების ოჯახს 2.6 მილიარდი დოლარი დააკარგვინა. ახლა კი ოჯახის ქონება 2,95 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.

როტენბერგების ოჯახი სხვადასხვა ბიზნესითაა დაკავებული. ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრები არიან. "ფორბსის" რეიტინგში არკადი როტენბერგი მე-60 ადგილს იკავებდა, მისი შვილი იგორი 166-ე ადგილს, ძმა ბორისი კი 99-ე ადგილს.

დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში არაერთი შეზღუდვა აამოქმედა. მათ შორის რამდენიმე თვის წინ გაიყინა მათი ფინანსური ანგარიშები.