შიდა რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა

წლევანდელი ზაფხულის სეზონზე შიდა ავიამიმოსვლა აქტიურ ფაზაში შედის. მოთხოვნა და, ამასთანავე, მიწოდებაც გააქტიურებულია. დაემატა ახალი აეროდრომები. ავიაკომპანიებმა, მათ შორის ეროვნულმა ავიალაინერმა გაზარდა შიდა რეისების სიხშირე. ამასთან, მოიმატა მგზავრთა ნაკადმაც. მოთხოვნა ყველა მიმართულებით გაზრდილია, თუმცა მგზავრთა აქტიურობით ბათუმი გამოირჩევა, რადგან აჭარის მიმართ ტურისტების ინტერესი ცხელ სეზონზე განსაკუთრებით მაღალია. ამაზე მეტყველებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებიც. ჯერ მარტო მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აჭარაში 38 546 ვიზიტორი იმყოფებოდა.

თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ივნისსა და ივლისში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 3898 შეადგინა. თბილისსა და ქუთაისში შიდა ავიამიმოსვლა ზემოთ აღნიშნულ თვეებში 247-მა ადამიანმა შეასრულა. რაც შეეხება ქუთაისსა და ბათუმს, ზაფხულის სეზონზე 30 ადამიანი გადაადგილდა.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განგვიმარტეს, წელს შიდა რეისები შარშანდელთან შედარებით გახშირებულია. მაღალია აქტიურობა მგზავრებისაც. მაგალითად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი დაახლოებით 700-ით გაიზარდა. ”თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ივნისსა და ივლისის თვეებში გაფრინდა 1927 და მოფრინდა 1971 ადამიანი. თბილისის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ივნისსა და ივლისის თვეებში 159 მგზავრი ჩავიდა, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 88 ადამიანი ეწვია. იმავე პერიოდში ქუთაისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით 15 სტუმარი ჩავიდა, ქუთაისსაც 15 პირი ესტუმრა”, - განუცხადეს ”რეზონანსს” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

აქტიურად სრულდება ფრენა სულ რამდენიმე თვეა თელავის აეროდრომიდანაც. მოთხოვნის ზრდა ზაფხულის სეზონმაც გამოიწვია. რადგან ამ დროს როგორც წესი, მგზავრთა ნაკადი იზრდება ხოლმე. აეროდრომის ხელმძღვანელობის განმარტებით, თელავის აეროპორტ ”მიმინოდან” რეისები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით ხორციელდება. ესენია: ნატახტარი, ქუთაისი, მესტია, თბილისი და ბათუმი. ფრენა შესაძლებელია თუშეთის მიმართულებითაც.  აეროპორტიდან ავიაკომპანიის სტატუსით უკვე რამდენიმე თვეა, საავიაციო უნივერსიტეტის თვითმფრინავები დაფრინავენ. საქალაქთაშორისო ფრენებისთვის ოთხადგილიანი ბიზნესჯეტებია გამოყოფილი, ერთი საათის ფრენის ღირებულება კი 599 დოლარია. თელავის აეროდრომიდან კერძო შეკვეთების განხორციელებაც არის შესაძლებელი, რაც საკმაოდ დიდი თანხა ჯდება.

მაღალია მოთხოვნა მესტიის და ნატახტარის მიმართულებითაც. ეს აისახება მგზავრთა ნაკადზე და რეისების ინტენსივობაზე. როგორც კომპანია ”სერვისეარში” აღნიშნავენ, ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაზრდილია. ამ შემთხვევაშიც მიზეზი ზაფხულის სეზონია.  როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განაცხადეს, კომპანია ”სერვისეარი” მომხმარებელს მესტიაში გაფრენას ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ აქამდე მესტიაში ფრენა მხოლოდ კვირაში სამჯერ ხორციელდებოდა.

აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ იმასაც, რომ ავიარეისები რეგულარულად, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ღირებულების კორექტირება არ იგეგმება და ერთი მიმართულებით მგზავრობა ისევ 65 ლარს შეადგენს.

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"