ბავშვთა შრომაზე საქსტატი ახალ კვლევას იწყებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ფინანსური და ტექნიკური დახმარებით ტარდება. კვლევის დროს დაახლოებით 7,700 შინამეურნეობა გამოიკითხება, რომელშიც 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვი ცხოვრობს. კვლევა მიზნად ისახავს ბავშვთა ეკონომიკურ/არაეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის დადგენას.

კვლევის მოსამზადებელი ეტაპისთვის 18-19 აგვისტოს თბილისში სამუშაო შეხვედრა მოეწყო, რომელიც შრომის საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. სამუშაო შეხვედრას აგრეთვე დაესწრო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კითხვარი განიხილეს.

კვლევის საველე სამუშაოები ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარდება, ხოლო საბოლოო მონაცემების გამოქვეყნება 2016 წლის მესამე კვარტალში იგეგმება.