სამი საუკუნის წინ ჩაძირულ გემზე 4,5 მილიონი დოლარის მონეტები იპოვეს

ფლორიდის სანაპიროებთან სამი საუკუნის წინ ჩაძირულ გემზე 4,5 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს მონეტები აღმოაჩინეს. მე-18 საუკუნის დროიდნელი 350 მონეტა ესპანური წარმომავლობისაა. ძვირფასეულობა იმ ესპანურ ხომალდებზე იყო მოთავსებული, რომლებიც 1715 წლის 24 ივლისს კუბადან ესპანეთში მიემგზავრებოდა. 11 ხომალდს ჰავანადან ესპანეთში დედოფლისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა უნდა ჩაეტანა. თუმცა, მოულოდნელი შტორმის შედეგად ყველაფერი ზღვაში ჩაიძირა.

უძველესი მონეტები ამერიკელმა განძის მაძიებლებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს. მონეტებს შორის 9 უიშვიათესი სამეფო მონეტაა და თითო 300 000 დოლარი ღირს. ისინი 1700-იან წლებში ესპანეთის მეფე ფილიპე მეხუთესთვის სპეციალურად დაამზადეს. ამერიკელი მყვინთავების ეს აღმოჩენა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეორე მსხვილი აღმოჩენაა. ივნისში მათ ერთი მილიონი დოლარის ღირებულების 50 მონეტა იპოვეს.