აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სარეკლამო კამპანია ლიტვის რესპუბლიკაშიც აწარმოა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სხვა სამიზნე ქვეყნებთან ერთად სარეკლამო კამპანია ლიტვის რესპუბლიკაშიც აწარმოა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიტვის ტურისტულ ბაზარზე მუშაობა შარშან, ვილნიუსიდან საქართველოს მიმართულებით დანიშნული რეგულარული ფრენების შემდეგ დაიწყო. უკვე მეორე წელია ლიტვაში რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პიარ-აქტივობა ხორციელდება.

ზაფხულის მოახლოებამდე ორი თვის მანძილზე ლიტვის სამ ქალაქში (ვილნიუსი, კლაიპედა და კაუნასი) მოსახლეობას აჭარა-ბათუმის ტურისტული დესტინაციის შესახებ სარეკლამო ხასიათის ბილბორდების, ავტობუსებზე განთავსებული სარეკლამო აფიშებისა და სხვადასხვა ტიპის რეკლამის ხილვა შეეძლოთ. გარდა გარე რეკლამებისა, დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სამი საინფორმაციო ტური ლიტველი ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორებისათვის. პრესტურის შედეგად წამყვან მედია საშუალებებში 7 სარეკლამო ხასიათის სტატია და 1 ტელე-სიუჟეტი მომზადდა, რომელთა წვდომამ 2 749 723 შეადგინა.

2015 წლის იანვრის თვეში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო ლიტვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Advanture 2015, სადაც ცალკე სტენდში წარადგინა რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი საინფორმაციო-სარეკლამო მასალები. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის სტენდი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ლიტვის რესპუბლიკაში აჭარა-ბათუმის დესტინაციის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული აქტივობები უკვე დადებითი შედეგებით აისახა ტურიზმის სტატისტიკაზე, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ივლისში აჭარის განთავსების ობიექტებში 5,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხოლო რაც შეეხება გასულ წელს, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 4,7%-იანი ზრდა შეინიშნებოდა.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ ლიტვის რესპუბლიკაში წარმოებული სარეკლამო კამპანიის ფოტო ალბომი და მედია მონიტორინგის დოკუმენტი დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე: http://gobatumi.com/ge/about-us/media-centre/news/marketing-campaigns-in-lithuania/291