ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ანაკლიაში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მასშტაბური პროექტი დაასრულა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სატუმბი სადგური, რეზერვუარი და ჭაბურღილები აშენდა, ასევე მოეწყო გადამცემი მაგისტრალური მილსადენი. დასრულებული სამუშაოები, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელმა ქეით ჯულიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და მშენებლობის ხარისხი შეამოწმეს.

ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე, იქ ჩასული ტურისტები, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.