ფაქტობრივი მტკიცებულებები, როგორ ტყუვდება მოსახლეობა პურის ყიდვისას - ექსპერიმენტი თბილისის სუპერმარკეტში

მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ფქვილის გაძვირებას შესაძლოა, პურის მნიშვნელოვანი გაძვირება მოჰყვეს. ფქვილის ფასის მატებასთან ერთად პურის საცხობები სულ უფრო ხშირად საუბრობენ პურზე ფასის მომატებაზე. იმ შემთხვევაში, თუ არ გაიზრდება პურის ფასი, მოსახლეობა ვარაუდობს, რომ შესაძლოა დაიკლოს მისმა წონამ.

ვიდრე პურის საცხობები რაიმე კონკრეტულ ქმედებას განახორციელებენ, AMBEBI.GE-მ ექსპერიმენტი ჩაატარა.

ჩვენ სხვადასხვა მწარმოებლის ხუთი დასახელების შეფუთული პური შევიძინეთ და სუპერმარკეტის ელექტრო-სასწორზე ავწონეთ. შედეგები მომხმარებლისთვის სახარბიელო ნამდვილად არ აღმოჩნდა. რამდენიმე მწარმოებლის ხუთი დასახელების შეფუთული პურიდან მხოლოდ ერთის წონა შეესაბამებოდა შეფუთვაზე დაფიქსირებულ წონას.

ჩვენი ექსპერიმენტის პირველი "მსხვერპლი" "მარგის" ლავაში აღმოჩნდა. მართალია ეტიკეტზე მითითებული იყო, რომ პურის წონა 450 გრამია, აწონვის შემდეგ გაირკვა, რომ სინამდვილეში ლავაში 410 გრამს იწონის.  ექსპერიმენტის შემდეგი სამიზნე შპს "პურის" მოხარშული ჭვავის პურია. მოქალაქეები ხშირად განსაკუთრებული გემოსა და სასარგებლო თვისებების გამო ყიდულობენ ჭვავის პურს და არ იციან, რომ თუ ეტიკეტზე აწერია, რომ მისი წონა 300 გრამია (3 გრამის მეტობით ან ნაკლებობით), სინამდვილეში ის 275 გრამს იწონის.  ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეტიკეტზე მითითებული წონა პურის რეალურ წონას დაემთხვა და 5 გრამით გადააჭარბა კიდეც, შპს "პურის" თეთრი "ბატონი" იყო. 510 გრამი ეტიკეტზე იყო დაფიქსირებული, რეალურად კი პურის წონა 515 გრამი აღმოჩნდა.

ექსპერიმენტის დროს შევეცადეთ ყველა სახეობის პური გვენახა, ამიტომ გადავწყვიტეთ დიაბეტური და დიეტური პური "მხნეობა" აგვეწონა.

სხვაობა ეტიკეტზე დაფიქსირებულ და რეალურ წონას შორის 20 გრამი აღმოჩნდა. პური 320 გრამი უნდა ყოფილიყო (3 გრამის მეტობით ან ნაკლებობით), თუმცა აწონვის შემდეგ გაირკვა, რომ პური 300 გრამს არ აღემატება.  ყველაზე დიდი სხვაობა "ბებოს ლავაშის" აწონვის შემდეგ დაფიქსირდა. ნაცვლად 400 გრამისა, ლავაშის წონა 335 გრამი იყო.

ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის საფასურს, ხარისხი, შეფუთვა და წონა

განსაზღვრავს. ამ ექსპერიმენტიდან კი გაირკვა, რომ ზოგიერთი მწარმოებელი დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებს.  ვიდრე პურის მწარმოებლები პურზე ფასის მომატებას გადაწყვეტენ, მომხმარებელი ბაზარზე არსებული მდგომარეობით დღესაც საკმაოდ ზარალობს.

ჯონი პატარკაციშვილის ექსპერიმენტი AMBEBI.GE-სა და PalitraTV.ge-სთვის

იხილეთ ვიდეო