საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების ნავთობგადამამუშავებელის აშენება იგეგმება?!

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება. საწარმო ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გაშენდება, დასაქმდებიან ადგილობრივი ადამიანები. ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით და ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე თანამედროვე საწარმო იქნება. მის მშენებლობაში კი 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით, გარდა იმისა, რომ პროექტი კომპანია "მულტიპლექსთან" ასოცირდება.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, საქართველოში მოპოვებულია საშუალოდ 27.7 მლნ ტონა ნავთობი. ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა მოპოვებამ კი 70,6 ათას ტონას მიაღწია. ექსპერტები მედიასთან აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნებოდა ქარხნის დასატვირთად, რაც საჭიროს გახდიდა დამატებითი ნავთობის შემოზიდვას მეზობელი ქვეყნებიდან.

"რა თქმა უნდა, ადგილზე მოპოვებული ნედლი ნავთობის ეს მოცულობა ვერ დატვირთავს ამ ქარხანას, რადგან საუბარია 2 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებაზე. აქ პოტენციურად შეიძლება გადამუშავდეს აზერბაიჯანული და ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შემოტანილი ნავთობი. ქარხნის ადგილმდებარეობა არის ძალიან კარგი. აქედან ნავთობპროდუქტების გატანა დასავლეთის ბაზრებისკენ, რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი," - ეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის მოადგილის, ნიკო მჭედლიშვილის განცხადებაა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების სურვილი წინა მთავრობასაც ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ ვერ მოხერხდა სერიოზული ინვესტორის დაინტერესება.

ჩვენი ინფორმაციით, დღევანდელი მთავრობა აქტიურად მუშაობს ზემოაღნიშნული პროექტის რეალიზებაზე. პროექტი მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება საქართველოს არამარტო ენერგოდამოუკიდებლობას მოუტანს და რეგიონში ევროსტანდარტების მიხედვით წარმოებული პროდუქციის გამოშვებას შეუწყობს ხელს, არამედ საწვავის გაიაფებას და ბაზარზე ფასების დარეგულირებასაც გამოიწვევს.

"ახალი თაობა"