ფქვილის მწარმოებლებს ახალი რეგულაციის დეტალები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" ხორბლის ფქვილის მწარმოებელ-გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან და მსხვილ იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ მოწვეულ სტუმრებს მთავრობის N376 დადგენილების დეტალები გააცნო და ისაუბრა ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მნიშვნელობაზე, რაც, პირველ რიგში, მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.  სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს მიაწოდეს ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული ხორბლის ფქვილის ეტიკეტირების, დასაშვები ინგრედიენტებისა და ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბიზნესოპერატორებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ იმ პირებისაგან მოისმინეს, ვინც რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს.

საქართველოს მთავრობის N376 დადგენილებით, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება "ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი", რომლის თანახმადაც, ბიზნესოპერატორის მიერ ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები იცვლება. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ქვეყნის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო იმპორტზე ზედამხედველობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკისრება.