ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტულად მიმზიდველ 17 ქალაქსა და დაბაში ორმხრივი მანათობელი დაფები, 13 დაბასა და ქალაქში კი ტურისტული ობიექტების მიმართულების მაჩვენებელი მანიშნებლები დამონტაჟდა. განხორციელებული პროექტი ქალაქ გორში, ადგილზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, მანიშნებლები ტურისტებს კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარება.

გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების სააგენტოსთან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზაზა კოშაძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოაწერეს ხელი.

"მემორანდუმის მიზანია შიდა ქართლის რეგიონში ტურიზმის დარგის განვითარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ადმინისტრაციასა და გორის მუნიციპალიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა", - ნათქვამია განცხადებაში.