თბილისში შესაძლოა, ბაღებისა და სკვერების პასპორტიზაცია მოხდეს

თბილისში, შესაძლოა ბაღებისა და სკვერების პასპორტიზაცია მოხდეს. როგორც თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, გარემოსდაცვით სტრატეგიაში, რომელიც თბილისის მერიამ უკვე დაამტკიცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ბაღებისა და სკვერების პასპორტიზაციაა. გიორგობიანის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო გარემოსდაცვით სტრატეგიას დაამტკიცებს, პასპორტიზაციისთვის განსახორციელებელი თანხის გათვალისწინება 2016 წლის ბიუჯეტში მოხდება.

"პირველ რიგში გასაკეთებელია თბილისის მწვანე საფარის, ბაღების, სკვერებისა და სარეკრეაციო ადგილების პასპორტიზაცია, ჩვენ ამას ვგეგმავთ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში ჩავსვათ. პასპორტიზაცია მნიშვნელოვანია, რადგანაც დღეს ჩვენ არ ვიცით, თბილისში რა რაოდენობის მწვანე საფარი გვაქვს. აუცილებელია დეფინიცირებული იყოს, შეიქმნება ელექტრონული ბაზა და დაინომრება ყველა ის მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, რომელიც თბილისშია. ამისათვის ჩვენ ვითხოვთ 2 400 000 ლარს", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს გარემოსდაცვითი სტრატეგია საკრებულოს გარემოსდაცვით კომისიის სხდომაზე წარადგინა. კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის თქმით, დღეს იყო მუშა შეხვედრა, 5 სექტემბერს კი ჩაინიშნა გარემოსდაცვითი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხდება გარემოსდაცვითი სტრატეგიის დეტალური განხილვა.  გარემოსდაცვითი სტრატეგია თბილისის მერიამ 5 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა.