რა დაგვიჯდება სასკოლო სამზადისი?

ოჯახში, სადაც სკოლის მოსწავლე ან სტუდენტი ცხოვრობს, სექტემბერი ერთ-ერთი ხარჯიანი თვეა. ზაფხულში შვებულებიდან და არდადეგებიდან დაბრუნებულ ოჯახებს წინ სასკოლოდ სამზადისი აქვთ. როგორც წესი, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას მშობლები ცდილობენ შვილებს ახალი ჩანთა, ფეხსაცმელი, თეთრი პერანგი, შარვალი ან ქვედაბოლო შეუძინონ. რა ჯდება სასკოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლის მომზადება, რა ღირს აუცილებელი სამოსი და ნივთები? სასურველი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში, ბაზრობებზე, დიდ სავაჭრო ცენტრებში. საჭირო ტანსაცმლისა და ნივთების არჩევანი დიდია, ფასები - განსხვავებული.

BPN.GE ამჯერად, თბილისის ცენტალურ ბაზრობაზე იმყოფებოდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ჯერჯერობით, ახალი კოლექციები სრულად მიღებული არ აქვთ, პროდუქციის ნაწილი შარშანდელია, ნაწილს კი უახლოეს დღეებში ელოდებიან. გამყიდველები აღიარებენ, რომ სამოსი, რომელიც ახლა გარკვეული თანხა ღირს, სწავლის დაწყების წინა დღეებში, როცა მოთხოვნა პიკს აღჭევს, სულ ცოტა ორჯერ ძვირი ეღირება.

BPN.GE -მ მცირე გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ სასკოლო ჩანთების ფასი ბაზრობაზე 20-დან 200 ლარამდე მერყეობს. ფასში სხვაობას ხარისხი განაპირობებს. ძვირად ღირებულ ჩანთებს ორთოპედიული საზურგე აქვთ და ფასსაც ეს ზრდის.  ბავშვის ფეხსაცმელი 25-85 ლარად იყიდება. ამ შემთხვევაშიც ფასი ზომის და ხარისხის მიხედვით იზრდება. თეთრი პერანგების ფასი 20- 35 ლარია.  გოგონებისთვის სასკოლო ქვედაბოლოს შეძენა 35 ლარად არის შესაძლებელი, მთლიანი კაბის შეძენა კი 50 ლარი დაგიჯდებათ. შარვლების ფასი 20-40 ლარის ფარგლებში მერყეობს.  რაც შეეხება საკანცელარიო ნივთებს: პენალი 3-7 ლარი ღირს, ფანქრების ნაკრების ფასი 1,5 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს. 15 ლარად არის შესაძლებელი კომპლექტის ყიდვა, რომელშიც ფანქრები, საშლელი, სათლელი და სკოლისთვის საჭირო კიდევ რამდენიმე საკანცელარიო ნივთი შედის. გასათვალისწინებელია ასევე რვეულების გარკვეული რაოდენობა, რომლის ფასი მოცულობისა და ხარისხის მიხედვით 1-2,5 ლარის ფარგლებში მერყეობს.

შესაბამისად, უხეში გათვლებით, სკოლისთვის ბავშვის მომზადებას სულ ცოტა 100-150 ლარი სჭირდება. მაღალი შემოსავლისა და მოთხოვნების შემთხვევაში კი ამ თანხამ შესაძლოა 400-500 ლარსაც კი მიაღწიოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შვილებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენაც უწევთ, რაც ხარჯებს მინიმუმ კიდევ 100 ლარით ზრდის.

ნატალია დადიანი