ტექნიკური სამუშოები თუ დენის გრაფიკი?

შეზღუდვით დენის მიწოდებამ მოსახლეობას ავადსახსენებელი ”გრაფიკები” გაახსენა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც დედაქალაქსა და რეგიონებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ საინფორმაციო საშუალებებით, თბილისის რომელიმე უბანში, ელექტროენერგიის შეზღუდვით მიწოდების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს. ასეთი შეზღუდვით დენის მიწოდებამ მოსახლეობას ავადსახსენებელი ”გრაფიკები” გაახსენა, თუმცა ენერგოკომპანიები მოსახლეობის შეშფოთებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ელექტროენერგიის შეზღუდვას გეგმიური ტექნიკური სამუშაოებით ხსნიან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროფილაქტიკური სამუშაოები სხვა დროსაც მიმდინარეობდა, მაგრამ აბონენტებს ელექტროენერგია შეფერხების გარეშე მიეწოდებოდათ. ახლა კი ელექტროენერგიის რამდენიმე საათით გათიშვა ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძვანელი, ავთო დვალიშვილი მოსახლეობაში არსებულ განცდას, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის, მიხეილ ბოცვაძის განცხადებით ხსნის, რომელიც მან 22 ივლისს, სემეკში გამართული სხდომის შემდეგ გააკეთა.

სხდომიდან გამოსულმა ბოცვაძემ მაშინ განაცხადა, რომ არსებული ტარიფის პირობებში, შესაძლოა შემოდგომაზე ელექტროენერგიის შესყიდვა აბონენტებისთვის ვერ უზრუნველყონ და ვარაუდობდა, რომ ნოემბერ-დეკემბერში დენის გრაფიკით მიწოდება გარდაუვალი იქნებოდა. თუმცა, Bpn.ge-თან საუბარში ავთო დვალიშვილი დენის გრაფიკით მიწოდებას გამორიცხავს და ელექტროენერგიაზე დაწესებულ შეზღუდვებს მიმდინარე ტექნიკური სამუშაოებით ხსნის.

მსგავსი პასუხი მივიღეთ ”თელასშიც”. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძვანელმა, ვალერი ფანცულაიამ განმარტა, ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სემეკს უკვე მიმართეს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებას ”თელასშიც” გამორიცხავენ და უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

Bpn.ge-თან საუბარისას ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ელექტროსისტემაში გრაფიკზე გადასვლის საჭიროება არ დგას და ამის საშიშროება არც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში არ გვემუქრება. თუმცა, დღესაც კი თბილისის ზოგიერთ უბანს, მათ შორის გლდანს, კრწანისს, ფონიჭალას, ჩუღურეთს, სამგორისა და ნაძალადევის რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა. ოფიციალური მიზეზი ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩატარებაა.

სალომე გოგოხია