თუ თხილის ხარისხი არ გაუმჯობესდა, ის თავის საექსპორტო პოტენციალს დაკარგავს

"ის, რომ თხილს უკვე მაღალი ფასი აქვს, ფინანსურ პრობლემებს ვერ აგვარიდებს," - აცხადებენ თხილის მწარმოებლები, რომელთა თქმითაც, გასულ წლებთან შედარებით, წელს მოსავალის აღება, ბევრად ძვირი უჯდებათ. მიუხედავად იმისა, რომ 1 კგ თხილის ფასმა 7 ლარს მიაღწია, თხილის მწარმოებლები მაინც ზარალზე საუბრობენ. ვითარებას წლევანდელი მოსავლის დაბალი ხარისხიც ართულებს. მეწარმეები ფიქრობენ, რომ თუ თხილის ხარისხზე ზრუნვა და მისი მოყვანა თანამედროვე ტექნოლოგიებით არ მოხდება, ეს პროდუქტი თავის მნიშვნელოვან საექსპორტო პოტანციალს დაკარგავს.

თემურ ფაჟავა, თხილის მწარმოებელი: "ბოლო წლებია, ჩვენი თხილით მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა, თუმცა წელს განსაკუთრებულად ცუდი ვითარებაა. ჯერ ცხელმა ქარმა და შემდეგ უკვე გვალვამ, ნაადრევად თხილის ჩენჩო გაახმო და ტოტზე შერჩა, კაკალი კი მიწაზე დაიყარა, რაც შეგროვების პროცესს ართულებს. შესაბამისად, მუშახელს შარშანდელთან შედარებით უფრო მეტს ვუხდით. ვერც ვამტყუნებ, თუ შარშან ერთი ადამიანი, საშუალოდ დღეში 8-10- კილოგრამ თხილს აგროვებდა, წელს მაქსიმუმ 5 კილოგრამის შეგროვებას თუ ახერხებს, რადგან ბალახებში გაბნეული თხილის კაკლების პოვნას გაცილებით მეტი დრო სჭირდება. მაგალითად, თუ შარშან ერთ ადამიანს თხილის შეგროვებაში დღეში 25 ლარს ვუხდიდით, წელს სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, 30-35 ლარს ითხოვენ. კონკურენციაც დიდია - ახლა მუშახელი ყველას სჭირდება, უკვე სენაკიდან, ფოთიდან და აბაშიდანაც ჩამოგვყავს თხილის შემგროვებლები, რადგან ეს სეზონური შემოსავალია და ამ დროს ბევრი ცდილობს ამ გზით დამატებითი შემოსავალი მიიღონ. ამას სხვა ხარჯებიც ემატება და თხილის მაღალი ფასის მიუხედავად, საეჭვოა, რომ წელს მოგება მივიღოთ".

გერმან კვარაცხელია, თხილის მწარმოებელი: "შარშან თხილის გარკვეული ნაწილი გერმანულმა კომპანიებმა ჩაიბარეს და წლევანდელზეც შევთანხმდით, რომ უკეთესი ხარისხის თხილს ჩავაბარებდით. ახლა კი რთული დილემის წინაშე დავდექით, რადგან ხარისხიანი მოსავლის შეგროვება გვიჭირს. თხილი მაინც გაიყიდება, თან ყველაზე უხარისხოც კი, რადგან მოთხოვნა დიდია. სხვადასხვა ხარისხის თხილს ბევრი დანიშნულებით იყენებენ. თურქები თხილის ნაჭუჭითაც კი დაინტერსებული არიან, მაგრამ გერმანელებთან ურთიერთანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო".

საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წლის 10 ივნისიდან დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამა - "თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით".

პროგრამის მიზანია, თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა, თხილის თვითღირებულების შემცირება და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდა. თხილის მწარმოებლებისთვის მთავრობის ეს ინიციატივა მისაღებია, მაგრამ ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ თხილის მოვლის საკითხით დაინტესდეს და სწორი მოვლა, მეთხილეებისთვის აუცლებელი გახდეს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს თხილის ხარისხის გაუმჯობესების და მისი საექსპორტო პოტენციალის შენარჩუნების ერთადერთი გზაა.

2014 წელს საქართველოდან 183 მილიონი აშშ დოლარის (167,7მილიონი ევრო) თხილი გავიდა ექსპორტზე, რითაც უკან მოიტოვა ისეთი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი, როგორიც არის ღვინო. 2015 წლის პირველ 5 თვეში თხილის წილი მთლიან ექსპორტში 8%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 2.4%-ს შეადგენდა.

ლალი პაპასკირი