კაზინო ”აჭარა” საგამოძიებო სამსახურმა დახურა

გადასახადების თავის არიდება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება - ამ მოტივით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კაზინო ”აჭარაში” შევიდა. ხელისუფლებაში ”ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ კაზინო ”აჭარის” მიმართ სკანდალები არ წყდება. ერთ-ერთ ყველაზე სარფიან ბიზნესში წილების განაწილებაზე ღია თუ ფარული ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს.

გუშინ დილის 9 საათიდან კაზინო ”აჭარა” აზარტული თამაშის მოყვარულებისთვის დაიკეტა. მოულოდნელად კაზინოში საგამოძიებო სამსახური შევიდა და ფინსური დოკუმენტების შემოწმება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის გიორგი გრძელიშვილის ინფორმაციით, კაზინო ”აჭარას” მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 218-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლით. მისი განცხადებით, სამორინეში საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაიწყო. ხოლო კაზინო საქმიანობას დოკუმენტების ამოღების შემდეგ გააგრძელებს. თავად ”აჭარის” ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დუმილს ამჯობინებს.

სათამაშო ბიზნესი მოსაკრებლით იბეგრება, ასევე იხდის სალიცენზიო გადასახადს.

”სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორი ამასთანავე ვალდებულია მოგების მიმღებ პირს დაუკავოს გადასახადი და გადარიცხოს ბიუჯეტში. შეიძლება ასეთი საკითხები იყოს. ვიღაცამ მიიღო მოგება, იმას არ დაუკავეს გადასახადი. ძალიან ძნელია დეტალების გარკვევამდე საუბარი”, - ამბობს აუდიტორი ირაკლი შავიშვილი.  რაც შეეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ეს კაზინოებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ”მე არ ვიცი, რამდენად ხდებოდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზება კაზინო ”აჭარაში", მაგრამ საერთოდ, კაზინოში ხშირად თეთრდება ფული. ვთქვათ, პირი შედის ”შავი” ფულით, ურიგდება კაზინოს მეპატრონეს და ის აძლევს ცნობას, რომ რაღაც გარკვეული თანხა მოიგო კაზინოში”, - ამბობს ირაკლი შავიშვილი.

ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, კაზინო ”აჭარაში” საგამოძიებო სამსახური საკმაოდ მძიმე მუხლებით არის შესული.

მისი განმარტებით, 218-ე მუხლი გულისხმობს დიდი რაოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდებას. ”აქ ალბათ 2-3 ათასზე არ იქნება საუბარი, დიდი ოდენობის გადასახადების დამალვისთვის კი იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელსაც მოჰყვება რევიზია. ხოლო თუ დადასტურდა აღნიშნული ბრალდება, მაშინ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. ანუ კომპანიამ 25 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს დადგენილი თანხა”, - ამბობს დიმიტრი გაბუნია.  იგი აღნიშნავს, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზება კიდევ უფრო მძიმე მუხლია, რომელიც დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების პატიმრობას ითვალისწინებს. "საგამოძიებო სამსახურს ალბათ ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც კაზინოში შევიდნენ. ვნახოთ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, - ამბობს დიმიტრი გაბუნია.

კაზინოს საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. იგი ასევე ფლობს კომპანია ”გალფს”, სადაც იანვარში ფინანსთა სამინისტრომ ასევე გადასახადებისთვის თავის არიდების მოტივით დაიწყო მოკვლევა, პროცესი ისევ გრძელდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კაზინო ”აჭარის” მიმართ სკანდალები არ წყდება. ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივანე ჩიღვინაძე კაზინო ”აჭარაში” ”საკუთარი წილის დაბრუნებას” ითხოვდა. ჩიღვინაძის განცხადებით, მას წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში კაზინოდან წილი, უკანონოდ, მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც პოლიტიკური აქტივობა დაიწყო. მედიაში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ წლების წინ ”აჭარის” მფლობელები პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დამფინანსებლები იყვნენ.

ზოგადად სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვისა და მოგების მნიშვნელოვანი ზრდა 2011 წლიდან დაიწყო, რომლის დროსაც სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 3,2-ჯერ, ხოლო მიღებულმა მოგებამ 54-ჯერ გადააჭარბა 2010 წლის შესაბამის მაჩვენებლებს. საგრძნობი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა 2012-2013 წლებშიც, 2014 წელს კი მცირედით შემცირება აღინიშნება.  ორგანიზაციის კვლევით, 2013 წელს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ჯამურმა ბრუნვამ დაახლოებით 1.213 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო სათამაშო ბიზნესისა და ნებართვის მოსაკრებლის ჯამურმა მოცულობამ 105.2 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 1,4%-ს შეადგენს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი „რეზონანსი“