ეკონომიკის სამინისტროს შენობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის

ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სად გადავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაყიდვების სამსახურის უფროსმა სოფიო ჭელიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ სად განთავსდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე შენობა, სადაც ამჟამად სამინისტროა განთავსებული, პრივატიზაციის გზით გაიყიდა. "ეს არ არის ჯერ გადაწყვეტილი. როგორც კი მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაცნობებთ", - განაცხადა ჭელიძემ.

თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა აუქციონზე 9 450 000 აშშ დოლარად გაიყიდა. შენობა "ჰუალინგ ჯგუფმა" შეიძინა.  "ჰუალინგ ჯგუფი", აუქციონის პირობებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად სამი წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გეგმავს.