თოიძის სახელობის სამხატვრო აკადემიის შენობა აუქციონზე გასაყიდად გავიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩა 21-ში მდებარე უძრავი ქონება, თოიძის სახელობის სამხატვრო აკადემიის შენობა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა, - აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაყიდვების სამსახურის უფროსმა, სოფიო ჭელიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, 20 აგვისტოს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი თბილისში ჭონქაძის ქუჩა 21-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 3841 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ 4 549,03 კვ.მ. შენობა-ნაგებობების პრივატიზების მიზნით. ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენს. მისი თქმით, აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ-ერთ უძველეს, ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში. ობიექტიდან 600 მეტრის მანძილზე მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ხოლო 700 მეტრის დაშორებით განთავსებულია საქართველოს პარლამენტი.

როგორც სოფიო ჭელიძემ აღნიშნა, ობიექტის მახლობლად არსებული სამთო-საბაგირო რკინიგზა თვეში საშუალოდ 20 000-მდე ტურისტის მთაწმინდის პარკში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას ტურისტურად აქტიურს ხდის. საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 5-ში, დანაშენიანების კოეფიციენტებია K1-0,5; K2-2,1; K3-0,1.  მისივე თქმით, ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელსაყრელია როგორც დეველოპერული მიზნებისთვის, ასევე სასტუმრო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

"საპრივატიზებო ობიექტის საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას და მოუწოდებს მას მაქსიმალური აქტიურობისკენ.  ელექტრონული აუქციონი დასრულდება 18 სექტემბერს 17:00 საათზე", - განაცხადა სოფიო ჭელიძემ.

სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.