"სიცხეში გამდიდრებულები": სეზონის ყველაზე სარფიანი ბიზნესები საქართველოში

ზაფხულის პერიოდში ზოგიერთი ბიზნესის მოგება სხვა სეზონებთან შედარებით მნიშვნელოვნად იზრდება. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მოთხოვნა განსაკუთრებით მატულობს ისეთ პროდუქციაზე, რაც გაგრილებას და დასვენებას უკავშირდება. მათ შორისაა ნაყინის, გამაგრილებელი სასმელების, ლუდის, საცურაო აუზების, საოჯახო სასტუმროების და სხვა ბიზნესი. აღნიშნული პროდუქციის წარმოებითა და მომსახურების სფეროთი დაკავებული კომპანიების მოგება ზაფხულში გაცილებით მეტია, ვიდრე წლის სხვა პერიოდში.

ზაფხულში იზრდება კომპანია "ბარამბოს" გაყიდვებიც, რომელიც შოკოლადის გარდა, ნაყინის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს წარმოადგენს

. როგორც კომპანიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, წლევანდელი ზაფხულიც არ ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი: "ეს ზაფხული შეიძლება შევაფასოთ წარმატებულად, ისევე როგორც წინა ზაფხული. "ბარამბოს" ნაყინს საკმაოდ დიდი ასორტიმენტი აქვს. ლოიალური მომხმარებლის რიცხვიც იზრდება. ზუსტ ციფრს წლევანდელ მოგებასთან დაკავშირებით სექტემბრის ბოლოს, ანალიზის შედეგად დავადგენთ".

ზაფხულში მატულობს ღია საცურაო აუზების მოგებაც. განსაკუთრებით დედაქალაქში დარჩენილი მოსახლეობა გაგრილებას აუზებზე სტუმრობით ცდილობს. "მომგებიანი იყო. ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა. ამინდებმაც ხელი შეგვიწყო", - აღნიშნეს საცურაო აუზის Sport Time-ის ადმინისტრაციაში.

პაპანაქება სიცხის პერიოდში თბილისში გაიზარდა გამაგრილებელი მოწყობილობების - კონდინციონერებისა და "ვენტილატორების" მყიდველთა რიცხვიც. ტექნიკის მაღაზია "ელიტ ელექტრონიქსში" აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს მოთხოვნა უფრო მეტი იყო. "მოგების შესახებ ზუსტ მონაცემებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ჯერ სეზონი არ დახურულა. მიმდინარე გაყიდვებით თუ ვიმსჯელებთ, ზრდა არის. წელს მოთხოვნა იყო საკმაოდ მაღალი", - აღნიშნა "ელიტ ელექტრონიქსის" PR-მენეჯერმა, ნოკა ბაინდურაშვილმა .

ტრადიციულად, ზაფხულში იზრდება ლუდის მომხმარებელთა რიცხვიც. თუმცა, წელს როგორც "ნატახტარში" აცხადებენ, აქციზის გადასახადის გაზრდამ და საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე ჯარიმის 50-დან 150 ლარამდე დაწესებამ, ამ პროდუქტის გაყიდვები და კომპანიის მოგება მნიშნელოვნად შეამცირა. "გაიზარდა აქციზი, გაძვირდა პროდუქცია, შედეგად ლუდის ბაზარი საკმაოდ შემცირდა, ამის ოფიციალური მონაცემები არსებობს. მარტი-ივნისის პერიოდში ლუდის ბაზარი დაახლოებით 17%-ით შემცირდა. ფასის გაზრდამ მოხმარებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რაც კომპანიების საქმიანობასა და მთლიანად ლუდის ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახა. ეს საკმაოდ არასასურველი მაჩვენებელია", - განაცხადეს "ნატახტარში". რაც შეეხება "ნატახტარის" ლიმონათს, ამ მხრივ მოთხოვნა არ შემცირებულა.

მაღალი ტემპერატურის დროს მოთხოვნა იზრდება წყალზეც. Ambebi.ge კომპანია "სნოსა" და "ბაკურიანის" წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა, მათგან წლევანდელი მოგების შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო.

გარდა გამაგრილებელი საშუალებებისა, ზაფხულში განსაკუთრებით იზრდება საოჯახო სასტუმროების კლიენტთა რიცხვიც

. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად სწორედ ზაფხულის დადგომას ელოდება იმისათვის, რომ მთელი წლის სამყოფი თანხა გამოიმუშავოს. მათ შორისაა ის მოვაჭრეებიც, რომლებიც ზღვაზე სიმინდის, მზესუმზირის, ხილისა და საცურაო კამერების გაყიდვით ცდილობს ფულის შოვნას.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE